Climate Action Explained: ახალი დოკუმენტური სერია წარადგენს კლიმატურ გადაწყვეტებს მსოფლიოს 12 ქვეყნიდან
UNDP-ის კეთილი ნების ელჩი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ იწვევს მაყურებელს მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ!
ნიუ იორკი. 21 მარტი 2024 – გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნა დოკუმენტური სერია, Climate Action Explained, რომელშიც ასახულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით.
დოკუმენტური ფილმები ხაზს უსვამს, რომ კლიმატის ცვლილების გამწვავების პირობებში მწვანე და უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფისთვის, ერთ ქვეყანაში უკვე არსებული და გამოცდილი გადაწყვეტები სხვაგანაც უნდა გამოვიყენოთ, რისთვისაც კლიმატური ინიციატივების მასშტაბის გაზრდა იქნება საჭირო.
დოკუმენტურ სერიაში განხილულია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის ადაპტაცია, ტყის აღდგენა, მდგრადი ენერგიის ადგილობრივი გამოყენება და ახალგაზრდა კლიმატის აქტივისტების ხელშეწყობა.
სერიის ოთხივე ეპიზოდს წარადგენს ცნობილი მსახიობი და გაეროს განვითარების პროგრამის კეთილი ნების ელჩი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ. ის მაყურებელს მეგზურობას უწევს და მასთან ერთად მსოფლიოს 12 ქვეყანაში მოგზაურობს: ბოსნია და ჰერცოგოვინა, განა, ეგვიპტე, ეკვადორი, ზიმბაბვე, ინდოეთი, კამბოჯა, კენია, პანამა, საქართველო, ტუვალუ და ურუგვაი.
„კლიმატური კრიზისი უკვე სახეზეა. ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ცუდი ამბავი ისაა, რომ დაუყოვნებელი და გააზრებული ქმედების გარეშე, ექსტრემალური კლიმატური მოვლენები და კატასტროფები კიდევ უფრო გახშირდება და უფრო ინტენსიური გახდება. მეორეს მხრივ, კარგი ამბავიც გვაქვს - წარმატება შესაძლებელია. ჩვენ დოკუმენტური სერიაში მოთხრობილი ისტორიები ნათლად გვიჩვენებს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს პასუხები კლიმატის ცვლილებაზე და შეგვიძლია უკეთესი და უფრო უსაფრთხო მომავლის აშენება,” - აღნიშნა UNDP-ის კეთილი ნების ელჩმა ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ.
საქართველო დოკუმენტურ სერიაში Climate Action Explained
საქართველოს გამოცდილება გაშუქებულია დოკუმენტური სერიის ეპიზოდში, რომელიც ახალგაზრდების ჩართულობას ეძღვნება. ეს ეპიზოდი გვიყვება ახალგაზრდა კლიმატის ელჩებზე, რომლებიც თავისი ხედვებითა და აქტიური საქმიანობით ხელს უწყობენ კლიმატგონივრული მომავლის მშენებლობას.
„ახალგაზრდები აცნობიერებენ, რომ კლიმატის ცვლილება რეალურია, და მის შედეგებსაც ხედავენ. სწორედ ეს უბიძგებს მათ აქტიური ქმედებისკენ. ახალგაზრდების ხელშეწყობა მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ფიქრს არ გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ კლიმატურ გამოწვევებს დღეს და ყოველდღე უნდა ვპასუხობდეთ. მოვუსმინოთ და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, გავაძლიეროთ მათი ხმა და მათთან ერთად ვიშრომოთ მდგრადი და უსაფრთხო მომავლისთვის“, - განაცხადა დაგლას უებმა UNDP-ის მოქმედმა მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
გლობალური პერსპექტივა
დოკუმენტური სერია Climate Action Explained გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას გაეროს 30-ე გლობალური კლიმატური კონფერენციისთვის, COP30-თვის მზადების პერიოდში. ეს მასშტაბური კლიმატური ღონისძიება 2025 წელს, ბრაზილიაში გაიმართება.
COP30, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების მე-10 წლისთავს ეძღვნება, კრიტიკული შესაძლებლობაა მსოფლიოს გაერთიანებისთვის კლიმატის ცვლილების გამოწვევის გარშემო, რათა გლობალური ტემპერატურის მატება 1.5°C-ს არ გასცდეს. ამ მიზნის მისაღწევად, COP30-ის მონაწილე ქვეყნები კიდევ ერთხელ წარადგენენ თავის განახლებულ ვალდებულებებსა და სამოქმედო გეგმებს პარიზის შეთანხმების მიმართ. ეს სამოქმედო გეგმები, რომლებიც ცნობილია, როგორც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDCs), კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საკვანძო ინსტრუმენტია.
„კლიმატის ცვლილება შემაშინებლად და ყოვლისმომცველად გვეჩვენება, თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს გადაწყვეტები, რომლებიც ამ გამოწვევის გადასაჭრელად გვჭირდება. ამას ჩვენი ახალი დოკუმენტური სერია ადასტურებს და კლიმატური გადაწყვეტების შექმნის პროცესში განვითარებადი ქვეყნების წამყვან როლს წარმოაჩენს. ახლა ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ უკვე არსებული გადაწყვეტების მასშტაბები გავაფართოოთ“, - განაცხადა ქეისი ფლინმა, UNDP-ის გლობალურმა დირექტორმა კლიმატის ცვლილების საკითხებში.
UNDP-ის კლიმატური ძალისხმევა
დოკუმენტური სერია Climate Action Explained ეფუძნება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გლობალურ საქმიანობას კლიმატის ცვლილების სფეროში. ამ საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად, UNDP-მ შექმნა „კლიმატის ჰაბი“, რომელიც მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანას დახმარების უპრეცენდენტო პაკეტს სთავაზობს. „კლიმატური დაპირების“ (Climate Promise) ინიციატივის ფარგლებში, UNDP თანამშრომლობს მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების 80 პროცენტზე მეტთან და ხელს უწყობს მათი ეროვნული კლიმატური მიზნების მიღწევასა და კლიმატის კრიზის დაძლევას.
დოკუმენტური სერიის პრემიერა და გავრცელება
დოკუმენტური სერია Climate Action Explained უკვე ხელმისაწვდომია ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, ხოლო მომავალი თვეების მანძილზე გადაითარგმნება მსოფლიოს სხვა ენებზეც.
დოკუმენტური სერიის პრემიერა შედგა 21 მარტს, UNDP-ის კიდევ ერთ მასშტაბურ კლიმატურ საინფორმაციო კამპანიასთან, „ამინდის ბავშვებთან“ (Weather Kids) ერთად. კამპანიაში „Weather Kids“ მონაწილეობენ ბავშვები, რომლებიც 2050 წლის ამინდის პროგნოზს წარადგენენ და მაყურებლებს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. კამპანია „Weather Kids“ ხორციელდება მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციასთან (WMO) და Weather Company-სთან თანამშრომლობით. ისევე როგორც დოკუმენტური სერია Climate Action Explained, ის მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებასა და გაერთიანებას კლიმატური მიზნების მისაღწევად.
მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://climatepromise.undp.org/climate-action-explained
ნანახია: 468
მსგავსი სიახლეები
clickss