„აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის“ 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა საოკუპაციო გამყოფი ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის“ „ლეხურა-სვენეთის“ 20,5-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც შიდა ქართლში საოკუპაციო გამყოფი ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილსადენის მშენებლობის სამუშაოებს სოფელ ნადარბაზევთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.
სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის, ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც უშუალოდ გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებული დასახლებების, ისე მთლიანად საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ხარისხი.
„მნიშვნელოვანია, რომ გაზსადენის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად განაგრძობენ ქვეყნის რეგიონების გაზიფიკაციას, გაზსადენების სისტემის გამართული მუშაობა კი მოსახლეობის ენერგორესურსებზე წვდომისა და მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის გარანტიაა“, – აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ახალ მილსადენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ იგი საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს გადის და მისი მეშვეობით საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„აღნიშნული პროექტით გრძელდება „აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის“ განახლება. შარშან წარმატებით დავასრულეთ ნატახტარი-ლეხურას 31-კმ-იანი მონაკვეთი. კორპორაციას მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობის არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული და, შესაბამისად, მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენი ქვეყნის გაზის ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, კორპორაცია აგრძელებს გაზის ტრანსპორტირების სისტემის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესაბამისად, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერაა დამტკიცებული.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ზვიადაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია იმ მოსახლეობისთვის, რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობს.
„ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ყოველდღე საქმის კეთება მკაფიო გზავნილია გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, რათა დაინახონ განსხვავება იმას შორის, რაც ჩვენთან ხდება და რაც, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ამ ყველაფრისთვის თითოეულ ადამიანს, ვინც აქაა დასაქმებული, მინდა, მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.
აღსანიშნავია, რომ „ლეხურა-სვენეთის“ 20.5-კმ-იანი მშენებარე მილსადენი ჩაანაცვლებს უკვე არსებულ მოძველებულ მონაკვეთს და აგრეთვე ახალ ტერიტორიებსაც მოიცავს. ახალი გაზსადენი ექსპლუატაციაში 2024 წლის მეორე ნახევარში შევა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ნანახია: 502
მსგავსი სიახლეები
clickss