ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ ფერწერული ნამუშევრის „ირემი“, ფიროსმანისადმი კუთვნილება დაადასტურა
კულტურა
24-01-2024 14:09
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს - „ირემი“ - საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა.
საექსპერტო დასკვნის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საექსპერტო ლაბორატორიის პარტნიორი, თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე, მხატვრები, მათი ოჯახის წევრები, გალერისტები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
2023 წლის 2 აგვისტოს ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა მოქალაქე ლაშა შენგელიამ და წარადგინა კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი „ირემი“, რომელსაც ახლავს ხელმოწერა: „ნიკო ფიროსმანაშვ...“
ეს არის მუყაო, ტილოზე დუბლირებული და ქვეჩარჩოზე. ნახატი შესრულებულია ზეთით, ზომა - 80,5x102. ნამუშევარი რესტავრირებულია.
საექსპერტო კვლევა მიზნად ისახავდა ნამუშევრის ავთენტიკურობის განსაზღვრას, რაც მოიცავს კომპლექსურ - სახელოვნებათმცოდნეო და ტექნოლოგიურ კვლევას. კომპლექსური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და მათი შედარება ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ორიგინალების კვლევის შედეგებთან, ასევე - სამეცნიერო პუბლიკაციებზე დაყრდნობით გაკეთებული ანალიზი, ლაბორატორიის ესპანელი ექსპერტის, ენრიკე პარას, პროფესიონალური კონსულტაცია და მისი აქტიური მონაწილეობა კვლევით პროცესში ადასტურებს, რომ ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ნამუშევრის - „ირმის“ ავტორია ნიკო ფიროსმანაშვილი. ნამუშევრის კვლევისას ასევე ჩატარდა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის რამდენიმე ნამუშევრის კომპლექსური კვლევა შედეგების შესადარებლად; შესწავლილია შესაბამისი ლიტერატურული წყაროები; ნამუშევრის ფერწერული ფენის ზედაპირს ჩაუტარდა კვლევა სტერეომიკროსკოპით და მოხდა ცალკეული ფრაგმენტების ფოტოფიქსაცია; გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ფოტოგადაღების მეთოდი: ხილვადი რეჟიმით საერთო ხედისა და ფრაგმენტების მაკროფოტოგადაღება, ულტრაიისფერი დასხივებით და ინფრაწითელი კამერით გადაღება, რენტგენოგრაფირება და მიღებული მონაცემების შედარება ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების არსებულ რენტგენოგრამებთან; ნამუშევრიდან აიღეს ნიმუშები და მოამზადეს ისინი საკვლევად. ნიმუშების კვლევა ჩატარდა რამანის ოპტიკური მიკროსკოპით, ლუმოსის ინფრაწითელი სპექტროსკოპით; ასევე, ჩატარდა ნიმუშების მეტალიზაცია (მოოქროვება) და კვლევა ელექტრონული მიკროსკოპით. გაიშიფრა მიკროსკოპებით კვლევის შედეგად გაზომილი სპექტრები და მოხდა მათი ინტერპრეტაცია.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თანამშრომლობით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელსაც ირაკლი ფარჯიანის სახელი მიენიჭა.
ლაბორატორია მოწყობილია 542 მ2 სივრცეში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია უმაღლესი ტექნოლოგიური აპარატურით. ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორიის პროექტი ირაკლი ფარჯიანის ფონდთან კულტურის სამინისტროს კონსულტაციითა და უწყების უშუალო მონაწილეობით შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის შექმნის იდეა გაჩნდა 2021 წლის ივლისში, როდესაც საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიქიამ, სოფო ფარჯიანის ხელშეწყობით, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
ლაბორატორიის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშების კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტიკურობის დადგენა უახლესი აპარატურისა და ტექნოლოგიების მეშვეობით (ინფრაწითელი გამოსხივების სპექტროსკოპი, რამანის ოპტიკური მიკროსკოპი, ელექტრონული მიკროსკოპი, სტერეო, პოლარული და ბინოკულარული მიკროსკოპები, მაღალი რეზოლუციის ფოტოკამერები, ულტრაიისფერი ფლუორესცენცია, ინფრაწითელი ნათების კამერა, რენტგენოგრაფია, რენტგენოფლუორესცენტური ანალიზი, სრულად აღჭურვილი ქიმიური ლაბორატორია, 3D სკანერი და უმაღლესი რეზოლუციის ფოტოსკანერი).
საქართველოში აქამდე მსგავსი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ლაბორატორია არ ყოფილა და მისი გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხელოვნებისა და ხელოვანებისთვის, მათი შემოქმედებისა და უფლებების დაცვისთვის. გარდა ამისა, ლაბორატორია ხელს შეუწყობს ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო და სარესტავრაციო საქმიანობის გაუმჯობესებას, ექსპონატების სამეცნიერო კვლევას, ატრიბუციას, დათარიღებას, ავთენტიკურობის დადგენასა და ა. შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის ბოლოს ხელოვნებათმცოდნეებს, ქიმიკოს-რესტავრატორებსა და რადიოლოგებს ესპანელმა ექსპერტმა ჩაუტარა გადამზადების კურსი. მათ შეისწავლეს ლაბორატორიაში განთავსებულ აპარატურასთან მუშაობა, ექსპერტიზის პროცესში მისი გამოყენება (ექსპერტიზის პროცესის მართვა, ქიმიური და ტექნოლოგიური კვლევების ჩატარება) და შესაბამისი დასკვნების მომზადება. კადრების მომზადება-გადამზადება მომავალშიც გაგრძელდება. შედეგად ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია ხელოვნების ნიმუშების საცდელი კვლევების ჩატარება.
ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ხელოვნების მუზეუმში დაცული სახელოვანი მხატვრების, უპირველესად კი - ფიროსმანის, ნამუშევრებიდან მიკროსკოპული ნიმუშების შეგროვება და ლაბორატორიისათვის აუცილებელი ტექნოლოგიურ მონაცემთა ბაზის შექმნა. ამ პროცესში, მუზეუმის გადამზადებულ თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ესპანელი ექსპერტიც.
ნანახია: 515
მსგავსი სიახლეები
clickss