მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მაღაზია "უნივერსამში" გვიან ღამით სროლის ხმა იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა და თანხას ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კაცი მალევე დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა.
ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გასროლა განახორციელა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს.
მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნანახია: 1109
მსგავსი სიახლეები
clickss