“Re-Direction”-ის პროექტის პარტნიორებმა წარმატებით დაასრულეს მე-2 სამუშაო პაკეტის პირველი ამოცანა
“Re-Direction”-ის პროექტის პარტნიორებმა წარმატებით დაასრულეს მე-2 სამუშაო პაკეტის პირველი ამოცანა, რომელიც ფოკუსირებულია უკრაინისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემებში უნარების ხარვეზების იდენტიფიცირებაზე. ეს ერთობლივი სამუშაო მოიცავდა დეტალურ სამაგიდო კვლევას, რომელიც ჩაატარა უკრაინისა და საქართველოს 5-5-მა უნივერსიტეტმა. კვლევის უპირველესი მიზანი იყო სამი მნიშვნელოვანი სფეროს – ციფრული ტრანსფორმაციის, ინკლუზიურობისა და მდგრადი განვითარების – ნაკლოვანებების დადგენა. ამ ვრცელი კვლევის შედეგები იძლევა ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემების შედარებითი ანალიზისა და გასაუმჯობესებელი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას. ეს პრეს-რელიზი ასახავს ზოგად დასკვნებს და უზრუნველყოფს თითოეული ზემოხსენებული სფეროს დეტალურ ანალიზს.
ზოგადი ანალიზი და დასკვნების შედარება
Მე-2 სამუშაო პაკეტის ფარგლებში ჩატარებული კვლევა ავლენს როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ერთობლივ ძალისხმევას, რათა მათი უმაღლესი განათლების სისტემები თანამედროვე გლობალურ სტანდარტებთან იყოს შესაბამისი. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, მათ შორის “COVID-19” პანდემიისა და სოციალურ-პოლიტიკური გამოწვევებისა, ორივე ქვეყანამ აჩვენა გამძლეობა და ადაპტირების სურვილი. ერთობლივი კვლევით გამოიკვეთა როგორც მიღწეული პროგრესი, ისე ის ასპექტები, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას საგანმანათლებლო სისტემებში.
კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო ციფრული ტრანსფორმაცია, ინკლუზიურობა და მდგრადობა. ეს სფეროები გადამწყვეტია განათლების მოდერნიზაციისთვის, ყველასთვის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და სტუდენტების მომზადებისთვის მომავალი გამოწვევებისთვის. კვლევის შედეგები იძლევა ყოვლისმომცველ მიმოხილვას იმის შესახებ, თუ როგორ განიხილება ეს სფეროები უკრაინის და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც ხაზს უსვამს მათ ამჟამინდელ მიდგომებში არსებულ როგორც ძლიერ მხარეებს, ასევე ხარვეზებს.
ციფრული ტრანსფორმაცია
უკრაინა:
უკრაინის საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ციფრულ ტრანსფორმაციასთან მიმართებით. ეს უკავშირდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენიმე დადგენილებას. გატარებული რეგულაციებით უზრუნველყოფილია ციფრული და დისტანციური განათლება და ასევე ისეთი პლატფორმების გამოყენება, როგორებიცაა “Google Classroom”, “Microsoft Teams”, “Cisco Webex” და “Zoom”. ეს ინსტრუმენტები მიზნად ისახავს სტუდენტების ცოდნის ხელმისაწვდომობის, დროის მენეჯმენტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
თუმცა, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით რამდენიმე გამოწვევა კვლავ აქტუალურია. პერსონალის ტექნოლოგიური ხარვეზები, ზოგიერთ პლატფორმაზე არასტაბილური კავშირები და უახლესი აღჭურვილობის ნაკლებობა ხელს უშლის ციფრული ტექნოლოგიების სრულად დანერგვას. გარდა ამისა, არსებობს მნიშვნელოვანი „ტექნოლოგიური ხარვეზი“ მასწავლებელსა და სტუდენტს შორის: ზოგიერთ პედაგოგს არ გააჩნია მოტივაცია და კომპეტენცია, მიიღოს სწავლების თანამედროვე მეთოდები.
საქართველო:
ციფრული ტრანსფორმაციისადმი საქართველოს მიდგომა ხასიათდება ეროვნული სტრატეგიების ძლიერი მხარდაჭერით, რომლებიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მთავრობამ დაიწყო რეფორმები ელექტრონული სწავლების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და დისტანციურად შეძენილი კვალიფიკაციების აღიარების მიზნით. აქცენტი კეთდება სტუდენტებისა და პერსონალის ციფრული უნარებით აღჭურვაზე, რათა გაუმჯობესდეს პაციენტის მოვლის საკითხი, კლინიკური შედეგები და ჯანდაცვის მიწოდება.
მიუხედავად ამ ძალისხმევისა, ხარვეზები ციფრული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით მაინც არსებობს. ეს განსაკუთრებით ვლინდება არახელსაყრელი ჯგუფებისა და შორეულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის ციფრულ რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. სტუდენტებისა და პერსონალის მობილობისათვის საკმარისი ციფრული შესაძლებლობების არარსებობა და ამასთანავე, ციფრულ გარემოსთან მუშაობისთვის არასაკმარისი ცოდნა და საშუალებები რჩება ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევად.
მდგრადი განვითარება
უკრაინა:
უკრაინის სამედიცინო განათლებაში მდგრადობის საკითხები ასახულია ეროვნულ დადგენილებებში, რომლებიც მიზნად ისახავს სწავლის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. სამედიცინო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ფოკუსირებულნი არიან სტუდენტების მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი უნარებით აღჭურვაზე, მათ შორის მოქნილობის, პრობლემის გადაწყვეტისა და ეთიკური ცნობიერების ამაღლებაზე. თუმცა, არის შესამჩნევი ხარვეზები, როგორებიცაა კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა და ინტერდისციპლინური ურთიერთქმედებები სასწავლო გეგმებში.
ეს ხარვეზები აფერხებს მედიცინის სფეროს პროფესიონალების უნარს, ეფექტურად იმუშავონ ჯანდაცვის მრავალფეროვან გარემოში. საგანმანათლებლო პროგრამებში ლიდერობის უნარების ტრენინგის არარსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს პრობლემას, რაც აიძულებს კურსდამთავრებულებს მოიძიონ კვალიფიკაციის ამაღლების დამატებითი საშუალებები აღმასრულებელ პოზიციებზე სამუშაოდ.
საქართველო:
მდგრადობა საქართველოს ეროვნული საგანმანათლებლო სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც განმტკიცებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებით. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს ისეთი ინოვაციური სამეცნიერო პროექტების შექმნისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობას, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეწარმეო საქმიანობის თვალსაზრისით. Მიუხედავად ამისა, საქართველოში ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებს სჭირდება უფრო მკაფიო ფოკუსირება მდგრადი განვითარების საკითხებზე, განსაკუთრებით მწვანე კომპეტენციებისა და უნარების მიმართულებით.
აკადემიური პროგრამების ფარგლებში მდგრადი განვითარების მიმართულებით გამოვლენილი ხარვეზები ნიშნავს, რომ სტუდენტები შესაძლოა არ იყვნენ სრულად მომზადებულნი თავიანთ პროფესიულ მოვალეობათა შესრულების პროცესში არსებული გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევების გადასაწყვეტად. მომავალი პროფესიონალების უკეთესი მომზადებისთვის აუცილებელია უფრო ფართო სასწავლო გეგმების შექმნა, რომლებიც მოიცავს მდგრად განვითარებას, როგორც ძირითად კომპონენტს.
ინკლუზიურობა
უკრაინა:
უკრაინულ სამედიცინო განათლებაში ინკლუზიურობას განსაზღვრავს სხვადასხვა ეროვნული რეგულაცია. აღნიშნული რეგულაციები განვითარების საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა სოციალური ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედების ქვეშ არსებულ სტუდენტებს. თუმცა, იკვეთება ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა უცხოელი სტუდენტების ენობრივი ბარიერები და პაციენტების სხვადასხვა პოპულაციის არათანაბარი წარმომადგენლობა სამედიცინო ტრენინგში.
აშკარაა უმაღლესი განათლების დონეზე უფრო ფართო ინკლუზიური ღონისძიებების საჭიროება, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების მხარდაჭერა. ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა უნდა სცდებოდეს საკანონმდებლო მხარდაჭერის ფარგლებს და აქტიურად უნდა ინერგებოდეს საკლასო ოთახებსა და სამედიცინო გარემოში.
საქართველო:
საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ინკლუზიურ განათლებაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტების დაფინანსებისა და მხარდაჭერის გაზრდით. ეროვნული სტრატეგია მიზნად ისახავს ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე ყველასთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. თუმცა, აქცენტი ძირითადად გაკეთებულია საშუალო განათლებაზე და ამ თვალსაზრისით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უკეთ უნდა განავითარონ თავიანთი ინკლუზიურობის ხარისხი.
გამოწვევები მოიცავს ფიზიკური გარემოს ადაპტირებას, სწავლების მეთოდოლოგიების მეტად დახვეწასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის უფრო ადეკვატური მხარდაჭერის უზრუნველყოფას. ინკლუზიურობის ინოვაციური მიდგომები აქტიურად უნდა დაინერგოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ყველა სტუდენტს, განურჩევლად ფიზიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, ჰქონდეს წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობები.
“Re-Direction”-ის პროექტის მე-2 სამუშაო პაკეტის მიგნებები ნათელს ხდის როგორც მიღწევებს, ისე გამოწვევებს უკრაინისა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემებში. ციფრული ტრანსფორმაციის, მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიურობის სფეროებში გამოვლენილი უნარების ხარვეზების აღმოფხვრა გადამწყვეტია უმაღლესი განათლების გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის და სტუდენტების მომავალი გამოწვევებისთვის მომზადების საკითხისათვის. აღნიშნული მიგნებები ხელს შეუწყობს სამომავლო ინიციატივებს ხარვეზების გადალახვისა და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მის გამდიდრებას ინკლუზიურობის, მდგრადობისა და ციფრული ტრანსფორმაციის კომპონენტებით.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.
Პროექტის შესახებ ვრცლად: https://re-direction.org/
#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization
ნანახია: 414
მსგავსი სიახლეები
clickss