2024-12-10

21:51

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები უთანასწორო საასპარეზო პირობებმა და დაძაბულობამ დააზიანა, მაგრამ ამომრჩევლებს ფართო არჩევანს სთავაზობდა: საერთაშორისო დამკვირვებლები

პოლიტიკა
27-10-2024 22:43

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლებს 18 კანდიდატს შორის გასაკეთებელ ფართო არჩევანს სთავაზობდა და კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობას აძლევდა, არჩევნები დააზიანა დამკვიდრებულმა პოლარიზაციამ და შეშფოთებამ, რომელიც ბოლო დროს მიღებულმა კანონმა და ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისმა ზეგავლენამ გამოიწვია, ისევე როგორც განხეთქილების გამომწვევმა რიტორიკამ და  ამომრჩევლებზე ზეწოლის ფართოდ გავრცელებულმა შეტყობინებებმა, - აღნიშნეს დამკვირვებლებმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში.

ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის  (EP) ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ შენიშნა პოლიტიკური განხეთქილების უწყვეტი გაღრმავება, ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი უთანასწორობა და მმართველი პარტიის მიერ თავისი უპირატესობებით სარგებლობის ბევრი შემთხვევა, რამაც ისედაც უთანასწორო საასპარეზო ველი კიდევ უფრო უთანასწორო გახადა. წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების ბევრი ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა მათი საქმიანობის სტიგმატიზება გამოიწვია, რასაც თან ერთვოდა თავდასხმებისა და დაშინების ინციდენტები. აღნიშნული, კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო დაწესებულ პოტენციურ სანქციებთან ერთად ნეგატიურად აისახა მათ შესაძლებლობაზე საქმიანობა ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გააგრძელონ.  

„ფინანსურ რესურსებს შორის არსებული დისბალანსი, განხეთქილების გაღრმავებისკენ მიდრეკილი წინასაარჩევნო კამპანიის ატმოსფერო და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანი იყო მთელი საარჩევნო პერიოდის განამავლობაში“, - განაცხადა პასკალ ალიზარდმა, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა და მოკლევადიან დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა. „თუმცა, ჩართულობა, რომელიც კენჭისყრის დღეს დავინახეთ - ხმათა მდიდარი მრავალფეროვნება, ამომრჩეველთა აქტიურობა და ადგილობრივი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი დამკვირვებლების მძლავრი წარმომადგენლობა - ფარდას ხდის სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ იზრდება და ვითარდება, დემოკრატიული სულისკვეთება მშენებლობის სტადიაზე“.

დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ჩარჩო ადეკვატურია და უზუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. თუმცა, წარსულში განხორციელებული ზოგიერთი დადებითი ცვლილება ბოლო დროს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შემოაბრუნა და რამდენიმე უცვლელი რეკომენდაცია გაუთვალისწინებელი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ წინა ცვლილებები ინკლუზიური საჯარო დისკუსიების შედეგად მიიღეს, ხშირმა საკანონმდებლო ცვლილებებმა (მათ შორის, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და ფართო პარტიათაშორისი მხარდაჭერის გარეშე მიღებულმა რამდენიმე ცვლილებამ), ძირი გამოუთხარა მის სტაბილურობას და პოლიტიკური სარგებლის მისაღებად ამ ცვლილებების ბოროტად გამოყენების თაობაზე შეშფოთების საფუძველი გააჩინა. ამავე დროს, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის ეფექტურობა დაზიანდა აღსრულების შეზღუდული შესაძლებლობისა და ზედამხედველი ორგანოს პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციის გამო.      

ეს არჩევნები ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედია ლანდშაფტის მძაფრი პოლარიზებითოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენითა და პრეზიდენტის აპარატის წინააღმდეგ მიმართული ანტაგონიზმით,“ - განაცხადა იულიან ბულაიმ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „არჩევნების ხარისხი ირეკლავდა წინასაარჩევნო პერიოდის ხარისხს. ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის, ზეწოლის ფართოდგავრცელებული კლიმატისა და პარტიების მიერ ორგანიზებული დაშინება არჩევნებამდე და შემდეგ, განსაკუთრებით პროვინციულ რეგიონებში, სახელმწიფო უწყებების მიუკერძოებლობის გარშემო არსებული კითხვები. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საარჩევნო პირობების, განსაკუთრებით კი უთანასწორო საასპარეზო ველის შესახებ, რაც ძირს უთხრის შედეგის მიმართ ნდობას და გასაგებს ხდის არჩევნების შედეგებით გამოწვეულ რეაქციებს. ეს საკითხები საჭიროებს მთავრობის რეაგირებას.“  

გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა კონსტიტუციით აღებული ვალდებულებაა, თუმცა მიმდინარე წელს განხორციელებულმა საკონონმდებლო ცვლილებებმა ამ მიზანს ძირი გამოუთხარეს, რამაც ამ არჩევნებზე ქალ კანდიდატთა რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა. პოლიტიკურ პარტიათა პროგრამებში შესამჩნევი იყო კონკრეტულად ქალებისთვის გამიზნული გზავნილების ნაკლებობა; წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებში ცოტა ქალი მონაწილეობდა. გარდა ამისა, საქართველოში ქალი პოლიტიკოსები კვლავაც უპირისპირდებიან ღრმად დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და ძალადობისაც კი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეფასებით ეს არჩევნები მეტწილად მშვიდი იყო, ქალ კანდიდატთა რაოდენობის შემცირება გენდერული კვოტირების გაუქმების შემდეგ უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს; საარჩევნო უბნებზე ქალთა აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით უსვამს ხაზს მათი როლის სასიცოცხლო მნიშვნელობას და საჭიროებს უფრო ფართო წარმომადგენლობას“, - განაცხადა პია კაუმამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ბოლო დროს მიღებულმა კანონის გათვალისწინებით იმედს ვიტოვებ, რომ მისი ზეგავლენა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ხელახლა იქნება შეფასებული პარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ, რომ ის უმნიშვნელოვანესი საქმე, რასაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ეწევა, დაცული იყოს და არ შეწყდეს, რათა ყველას ხმა ისმოდეს“.

საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნები ეფექტურად ჩაატარა, თუმცა საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის აღქმა დააზიანა ბოლო დროს მიღებულმა ცვლილებებმა უწყების წევრთა დასახელებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესთან დაკავშირებით; ისევე, როგორც ფორმალურად პოლიტიკურ პარტიებთან არააფილირებული წევრებისა და მმართველ პარტიას შორის სავარაუდო კავშირებმა. ისტორიაში პირველად საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ხმის მიცემა ელექტრონული წესით გაიმართა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო, რათა ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღემდე მიეწოდებინა ინფორმაცია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შესახებ. კენჭისყრის დღე პროცედურული თვალსაზრისით ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით. ხმის მიცემის ფარულობა ხშირად იყო კომპრომეტირებული და ვრცელდებოდა დაშინებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ცნობები.

„პიროვნული თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საყოველთაო ღირებულებების პატივისცემა ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა. ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის კიდევ ერთი კრიტიკული გამოცდა იყო; მისი შედეგი კიდევ ერთი ასეთი გამოცდა იქნება“, - განაცხადა ფაიკ ოზთრაქმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „ახლა ჩემი მოვალეობაა ჩემს ანგარიშში ავსახო ამ არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები - არჩევნების ადმინისტრირებიდან ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებამდე, რათა ასამბლეამ შეძლოს გამოიკვლიოს, თუ ყველაზე უკეთ როგორ დაეხმარება ქართველ ხალხს, რომელმაც არაერთხელ დაგვანახა, რომ მას სურს დემოკრატიული საქართველო ევროკავშირსა და ნატოში იხილოს“.

საარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად წარიმართა; წინასაარჩევნო კამპანიის ტონი და ვიზუალური მასალა განხეთქილების გაღრმავებას უწყობდა ხელს. წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადეს თავისი განზრახვის შესახებ, არჩევნების დასრულების შემდეგ ძირითადი ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად საქმის აღძვრის თაობაზე. დამკვირვებლები ასევე გაეცნენ ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯაროს სექტორში დასაქმებულთა და სხვა ჯგუფების, დაშინების, იძულებისა და ზეწოლის შესახებ ანგარიშებს, რაც შეშფოთებას იწვევს, რადგან ზოგიერთმა ამომრჩეველმა შესაძლოა თავისუფლად ვერ გააკეთოს არჩევანი და შეეშინდეს ხმის დასჯის შიშის გარეშე მიცემა,

„ჩვენ კვლავაც ძალზედ შეშფოთებული ვართ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. გუშინ ჩატარებული არჩევნები სამწუხაროდ ამ უკუსვლის დადასტურებაა“, -განაცხადა ანტონიო ლოპეს ისტურის უაითმა, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „ჩვენ კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რათა ვნახოთ შემდგი მთავრობა აირჩევს თუ არა ევროკავშირის ღირებულებებთან და ნორმებთან დაახლოების გზას და შეცვლის თუ არა გასული თვის უარყოფით ტენდენციებს“.

საქართველოს მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ მეტისმეტად პოლარიზებულია და დაფინანსების თვალსაზრისით დამოკიდებულია პოლიტიკურ აქტორებზე. სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებულმა მედიამონიტორინგმა ყველა მედიასაშუალების მკვეთრი პოლიტიკური მიკერძოება აჩვენა მაშინ, როცა მიუკერძოებელი გაშუქების ვალდებულება კომერციულ ტელეკომპანიებში უგულვებელყოფილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანდიდატთა გაშუქება მეტწილად პოზიტიური ან ნეიტრალური იყო, მან მმართველ პარტიას, სხვა პარტიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო. დამატებით, ჟურნალისტთა უსაფრთხოება კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია ბოლო დროს დაფიქსირებული თავდასხმების, დაშინებისა და ზეწოლის უწყვეტი ინციდენტების გამო.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში  წინასარჩევნო კამპანიამ ქართველ ამომრჩეველს ფართო არჩევანი შესთავაზა, რაც დადებითი მოვლენაა, თუმცა არჩევნების მხოლოდ დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისად ჩატარება არ არის საკმარისი“, - აღნიშნა ოუენ მერფიმ, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. „ქვეყანაში არსებული მძაფრი პოლარიზაცია, ამომრჩევლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე შეუსაბამო ზეწოლის ფაქტები და დაძაბულობა, რომელიც კეჭისყრის დღეს ვიხილეთ, ნათლად გვაჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).

მსგავსი სიახლეები

2024-12-10 17:05
პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქციები მე-12 დღეა გრძელდება!

აქციის მონაწილეები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებში დაკავებულების გათავისუფლებას და საპარლამენტო არჩევნების

2024-12-10 15:53
პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: "სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთ

მისი თქმით, აქციების გაშუქებაში ჟურნალისტების როლი განუსაზღვრელად დიდია. „გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე

2024-12-10 12:07
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები მთავრობის სხდომაზე

მისივე თქმით, შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი.

2024-12-09 14:32
პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქციები გრეძლდება!

დემონსტრანტებმა საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მერიის მიერ დაყენებული ნაძვის ხის ფოლადის ღეროზე გამოაკრეს

2024-12-09 12:48
სპორტი

საფეხბურთო კლუბი „იბერია 1999“ საქართველოს ჩემპიონია

კლუბმა საჩემპიონო თასი მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო. გამარჯვებულებს მედლები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები