2024-10-15

03:22

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა

პოლიტიკა
22-02-2024 15:49

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის თანახმად, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშთან ერთად შეაჯამა ამ მოწვევის პარლამენტის მონაწილეობით განვითარებული პროცესები, რომლებიც, მისი შეფასებით, პოლიტიკური და ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს და მის ხელისუფლებას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევისთვის თავის გართმევა მოუხდა, მათ შორისაა: პანდემია, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორცილებული აგრესიით გამოწვეულ საფრთხეები და ოპოზიციის რადიკალიზაცია.

შალვა პაპუაშვილმა, თავის სიტყვაში, ყურადღება გაამახვილა პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე და საზოგადოებას საპარლამენტო საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკა გააცნო. მისი განცხადებით, ბოლო წლებში, რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა უფრო მკაფიოდ მონიშნა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - საზედამხედველო საქმიანობა. შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა.

„ამავე დროს, კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს - დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის სახით - რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, დეზინფორმაცია სამი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის გაღრმავების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანების მთავარ იარაღად იქცა. შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თითქმის ოთხი წელია ოპოზიციის ნაწილი რადიკალიზმის გამოვლინებითაა დაკავებული, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და ლეგიტიმური ეროვნული ინსტიტუტების წინააღმდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროა, რომ რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაბმული აღმოჩნდა ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ინსტიტუტების დაცვაზე, ეროვნული თანხმობის მიღწევასა და ქვეყნის გაერთიანებაზე.

„ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვამაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულის დაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად, მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა“, -აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2024 წელი საქართველოსთვის დიდი გამოწვევების წელი იქნება.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის არჩევნების წელი. ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის, მოქალაქისა და საქართველოს მოკავშირე უცხოელი პარტნიორების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად. ამისათვის ძალები უნდა გავაერთიანოთ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის წახალისება წარსულს ჩაბარდეს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალების ჯანსაღი კონკურენციის გზით, არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იქნეს დადასტურებული. ამ გზაზე ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, რომელმაც პრაქტიკულად გამორიცხა ნებისმიერი სახის სპეკულაცია არჩევნების გაყალბების თაობაზე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო არჩევნების ელექტრონული სისტემები, რომელიც ამ მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული წლევანდელ არჩევნებზე“, - -აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელი ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი უნდა გახდეს.

„სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატო-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლების შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა. დასასრულს, მინდა მოგმართოთ თანამშრომლობის წინადადებით. საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება. ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდეთ, რომ მიმდინარე წელი არა რადიკალიზაციისა და კონფრონტაციის წელი, არამედ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების, გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევის, ქვეყნის გაერთიანებისა და ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი გახდეს. სწორედ ეს არის მოსახლეობის მთავარი ინტერესი, ჩვენი საერთო სამშობლოს - საქართველოს უპირველესი ინტერესი“, - -აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

2024-10-12 10:44
სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მარცხით დ

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „საწყისი ნახევარი საათი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. აგრესიულობის

2024-10-12 10:30
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება სრულად პროპორციული სისტემით

2024-10-11 16:18
ეკონომიკა

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 1 დღე

ფესტივალს წელს მუსიკალურად გააფორმებენ ყველასათავის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე

2024-10-10 17:53
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გულშემატკივრების გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ აჯობა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ბრემერი („იუვენტუსი“), კასტრო („ბოლონია“),

2024-10-10 11:27
პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება!

მართალია, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად არჩევს აგენტს ეროვნული ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსისგან, კარგად იცის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები