ირაკლი კობახიძე - სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას საფრთხე არ შეექმნას
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის იმისათვის, რომ ყოველ ჯერზე მივიღოთ მაქსიმალურად კარგად გააზრებული და სწორი გადაწყვეტილებები, ეს ქვეყანაში ეკონომიკის და ბიზნესის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ ზრდაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს.
„ეკონომიკის, ბიზნესის განვითარება არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნული პრობლემები მოვაგვაროთ, აღმოვფხვრათ სიღარიბე და უმუშევრობა, ხელი შევუწყოთ ადამიანების დასაქმებას. მომავალშიც, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი კომუნიკაციისთვის. ნებისმიერ დროს ღია ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის და ნებისმიერი საკითხის განსახილველად. მთავარია 3 ფაქტორი, რაც არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებისთვის. ეს არის პირველ რიგში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, მეორე - ბიზნესის თავისუფლება, მესამე - მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ეს სამივე ფაქტორი თანაბრად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას არ შეექმნას რაიმე საფრთხე", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ასევე შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის.
„სტაბილურობის გარანტიები კონსტიტუციის დონეზეც კი არის შექმნილი ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კანონმდებლობის, ბიზნესგარემოს სტაბილურობის ხელშეწყობა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. ვფიქრობ, კანონმდებლობა არსებითად არის სწორად მორგებული ბიზნესის ინტერესებს. თუ რაიმე შენიშვნები იქნება ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მუდმივ რეჟიმში მთავრობაც და პარლამენტიც მზად ვართ თანამშრომლობისთვის. გარდა ამისა, ხელისუფლებას აქვს მთელი რიგი სპეციალური პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას, როგორიც არის, მაგალითად სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამები და ა.შ. ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, აქტიური მუშაობა გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ზრდის ძალიან კარგი ტემპია.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს, მთავარია, გავუფრთხილდეთ დღეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ეს ყოველთვის ასე არ იყო. 2012 წლის შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ ორი კრიზისული პერიოდი. პირველი პერიოდი უკავშირდებოდა უკრაინის პირველ ომს, 2015-2016 წლები იყო საკმაოდ რთული ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის, იყო სავალუტო კრიზისი, რასაც მოჰყვა სერიოზული ეკონომიკური სირთულეები და მაშინ დოლარში ჩვენი ნომინალური ეკონომიკა შემცირდა კიდეც. ამას დაემატა, მოგვიანებით, 2020 წელს კოვიდთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეებით, ეკონომიკის 6.5%-ით შემცირება. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ისეთი სურათი, რომ 2012-დან 2020 წლის ჩათვლით ნომინალური ეკონომიკა დოლარში შემცირდა კიდეც, რაც გამოწვეული იყო მთელი რიგი გლობალური ფაქტორებით", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2021 წლიდან ეკონომიკა განსხვავებული ტემპით ვითარდება.
„წინა სამი წლის განმავლობაში, 2021-2022-2023 წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპმა შეადგინა 9.7%. წლევანდელი პირველი შვიდი თვის მაჩვენებელიც არის ანალოგიური, 9.7%, ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს. მთავარია, გავუფრთხილდეთ იმ არსებულ მდგომარეობას, რომელიც დღეისათვის არის მოცემული ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, 2021 წლიდან ნომინალური ეკონომიკა ლარში 40 მლრდ-ით, დაახლოებით 10 მლრდ-ით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, რაც ქვეყნის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტად ზრუნვის შესაძლებლობას იძლევა.
„ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ეკონომიკაზე, ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე, განვახორციელოთ ისეთი პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, რაც ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და ტემპი და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ ხოლმე, რომ მართალია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს 40 მლრდ წავიდა 25 ოჯახის ჯიბეებშიო, ასეთია მათი გზავნილი. პროფესიონალები, ამ საქმის სპეციალისტები ალბათ დამეთანხმებით, რამდენად დიდი ტყუილია ეს. ყველაფერი ციფრებშია გამოხატული,"- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო სიღარიბის მაჩვენებლებს და აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 30% იყო, რაც გასული წლის მონაცემებით, 11.8 %-მდე არის შემცირებული.
„1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წლისთვის საქართველოში და ახლა, ეს მაჩვენებელი შემცირებულია 440 000-მდე. 680 000 ადამიანი ამოვიდა აბსოლუტური სიღარიბიდან, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, თუმცა, თავისთავად ის, რომ 440 000 ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა, არის მთავარი გამოწვევა და ჩვენთვის მთავარია, ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ. იმ ტემპის გათვალისწინებით, რაც გვაქვს დღეს, ვფიქრობ, სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში. მთავარია, ეკონომიკური ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ,"- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებაზე.
„2021 წლის პირველ კვარტალში, უმუშევრობა შეადგენდა 21.9 %-ს, 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა არის 3.7%, გვაქვს ძალიან სერიოზული გაუმჯობესება. კონკრეტული ადამიანები საქმდებიან და მათი საშუალო ანაზღაურება იზრდება. იგივე პერიოდი რომ ავიღოთ, დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება საშუალოდ შეადგენდა 1256 ლარს და უკვე 2 000 ლარს აჭარბებს. ანუ, მეტი ადამიანია დასაქმებული და ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი ანაზღაურება, ესაა ამ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის შედეგები. საბოლოო ჯამში, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ამ 3.5 წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2021 წლის დასაწყისი და 3 წლის შემდეგ მეორე კვარტლის მონაცემები, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით, ქვეყანას აქვს ძალიან კარგი მონაცემები.
„პროდუქციის გამოშვება 1-წლიან პერსპექტივაში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შეფარდებით, 12.5 %-ით გაიზარდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 10.3%-ით და ა.შ. ასევე, ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთ არის საგარეო ვალი, ინფლაცია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბიუჯეტის დეფიციტი, ყველა კუთხით გვაქვს ძალიან კარგი გარემო იმისთვის, რომ სტაბილურად შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ბიზნესის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ყველას გახსოვთ 2012 წლამდე რა ვითარება იყო ბიზნესის თავისუფლების თვალსაზრისით, რამდენად მძიმე ზეწოლა იყო ბიზნესზე, პირდაპირი ტერორი ხორციელდებოდა ბიზნესმენების მიმართ. იყო ათასობით ფაქტი იმისა, რომ ბიზნესმენებს სახელმწიფოზეც კი უწევდათ საკუთარი ქონების გადაფორმება, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სხვა კერძო პირებზე უწევდათ საკუთარი ქონების გადაფორმება. 10 000-მდე შემთხვევა იყო მხოლოდ ისეთი, როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს საკუთარი ქონება. 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა, ან ჩვენი ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორებიც იყვნენ 2012 წლამდე. დღეს ბიზნესი არის თავისუფალი. არავითარი წნეხი ბიზნესზე არ არსებობს, პირიქით, ხელისუფლება მაქსიმალურად არის მონდომებული, რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას ბიზნესის განვითარებისთვის.
„მშვიდობა და სტაბილურობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპები. ამ კუთხით მსოფლიოში არ არის მაინცდამაინც კარგი ვითარება. საკმაოდ არეულია მთლიანად მსოფლიო. რეგიონში სამწუხაროდ გვაქვს ომი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში არის საკმაოდ მასშტაბური ომი. ევროპაში არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ამერიკის შეერთებულ შტატებში ორჯერ ესროლეს საპრეზიდენტო კანდიდატს. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს ესროლეს. ასეთია ის მძიმე ვითარება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს გარშემო. ასეთ ვითარებაში ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს და ზოგადად, ქვეყანა მყარად იდგეს მოწოდების სიმაღლეზე. რადიკალიზმი და სიძულვილი წითელ ხაზად გასდევს პოლიტიკას თითქმის ყველა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის სამწუხაროდ, თანამედროვე ტენდენცია, რასაც ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, რაც საამაყოა.
„ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არის მიღწევა, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო ქვეყანაში სტაბილურობის შერყევის ორი მცდელობა. გახსოვთ, რა ხდებოდა 2021 წელს, როდესაც ხელოვნურად შეიქმნა კრიზისი, ოპოზიცია არ შემოდიოდა პარლამენტში და ერთ წელი გვაცხოვრეს ამ ხელოვნური კრიზისის ქვეშ. ეს კრიზისი დასრულდა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც მმართველმა პარტიამ გადალახა 43-პროცენტიანი ბარიერი. მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდა საუბარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ასეთი პროცესები ყველა შემთხვევაში არის შემაფერხებელი ფაქტორი ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, ამიტომ მომავალში ასეთი მოვლენების პრევენციაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში რევოლუციური პროცესების განვითარების ხელოვნური მცდელობა იყო 2022 წლის ივნისში, როდესაც გაიმართა აქციები მთავრობის გადადგომის და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით.
„ეს მცდელობა რომ წარმატებული ყოფილიყო, რა თქმა უნდა, პროცესები სწორი მიმართულებით არ განვითარდებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა შემთხვევაში მოვახერხეთ სტაბილურობის შენარჩუნება და სწორედ ამან მოგვცა ის შედეგები, რაზეც ვსაუბრობთ - 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის ზრდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო ძლიერი იქნებოდა ეკონომიკის განვითარებისთვის სტიმული, რომ არა ასეთი არასწორი პროცესები, რაც ხელოვნურად განვითარდა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა პარტნიორებთან ურთიერთობებზე.
„მინდა, ყურადღება გავამახვილო პარტნიორებთან ურთიერთობაზე. არის გარკვეული სირთულეები, თუმცა მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, მაშინვე ყველა პრობლემა მოგვარდება და ურთიერთობები თავიდან ბოლომდე დაუბრუნდება ნორმალურ ჩარჩოებს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, დიდი იმედი და რწმენა გვაქვს, რომ უკრაინაში ომი მომავალ წელს დასრულდება. შესაბამისად, მომავალი წლიდან თვისებრივად გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის, რასაც ბუნებრივია, აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რათა ეკონომიკის განვითარებას არ შეექმნას არავითარი დაბრკოლება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის დაახლოებით 60%, რაც ისტორიული მაქსიმუმია 2012 წლის შემდეგ.
„ბევრ რამეს გადაწყვეტს არჩევნები. საპარლამენტო არჩევნები იმართება დაახლოებით ექვს კვირაში. მე ვერ ვისაუბრებ პოლიტიკური პარტიების შანსებზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად, სტაბილურობის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვერ გეტყვით, რამდენი პროცენტი ენდობა მმართველ პარტიას, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის დაახლოებით 60%, რაც ისტორიული მაქსიმუმია 2012 წლის შემდეგ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
„თქვენ ნახეთ, მშვიდობის დარღვევამ რა შედეგები მოიტანა უკრაინისთვის. მხოლოდ პირველივე წელს 30%-იანი ეკონომიკური რეცესია ჰქონდა ამ ქვეყანას და თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა სოციალური ცვლილებები გამოიწვია ამ ყველაფერმა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ასევე, მართალია, მოლდოვა უშუალოდ არ არის ომში ჩართული, მაგრამ ომმა უშუალო გავლენა მოახდინა მოლდოვის ეკონომიკაზე. ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 9 მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ 2,5 მლრდ დოლარით გაიზარდა სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად კარგი ტემპები შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. საკითხებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესისთვის შექმნილ გარემოს, ბიზნესის თავისუფლებას, მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფორმატები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბიზნესასოციაციის კონფერენციას ბიზნესასოციაციის წევრები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 466
მსგავსი სიახლეები
clickss