საქართველომ ოლიმპიადაზე მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა, კრივში კი ბრინჯაოს მედალი გაინაღდა
სპორტი
02-08-2024 10:13
პარიზის ოლიმპიადის მეხუთე დღეს ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. ძიუდოში ილია სულამანიძე (100 კგ) სადებიუტო ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა. იგი ფინალში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო და კარიერაში პირველი ოლიმპიური, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სადებიუტო ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს მოკრივე ლაშა გურული (63,5 კგ). მეოთხედფინალში მან ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის 3:2 სძლია და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. 4 აგვისტოს ნახევარფინალში ქართველი მოკრივე კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდება. ლაშა გურულმა ოლიმპიადის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა და მეტოქე 5:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ოლიმპიადაზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია. პირველი მედალი საქართველომ 30 ივლისს მოიპოვა - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.
ილია სულამანიძის დღეს მოპოვებული ჯილდო დამოუკიდებელი საქართველოს 43-ე ოლიმპიური მედალია. ეს არის მე-14 ოლიმპიური ვერცხლის მედალი, რომელთაგან შვიდი ძიუდოისტების ანგარიშზეა.
2 აგვისტოს ასპარეზობაში ჩაერთვება კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი - გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი. ოლიმპიადაზე მედლის მოპოვებას შეეცდება ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა.
სადებიუტო ოლიმპიადაზე გამოვა მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე კი 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.
ნანახია: 254
მსგავსი სიახლეები
clickss