ფიროსმანის საერთაშორისო ტურნე დასრულდა!
კულტურა
13-02-2024 09:58
თითქმის ერთი წლის შემდეგ ნიკო ფიროსმანის 50-ამდე ნამუშევარი საქართველოში დაბრუნდა და ისინი კვლავ ეროვნულ გალერეაში გამოიფინება.
განახლებული ექსპოზიცია დამთვალიერებელს წარუდგენს ხელოვანის 20-ამდე ნამუშევარს, მათ შორის მის შედევრებს: „მეთევზე წითელ პერანგში“, „ჟირაფი“, „აქტრისა მარგარიტა“, „ორთაჭალის ტურფები“ და სხვა.
2023-2024 წლებში ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხმა საგამოფენო ცენტრმა უმასპინძლა. დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გაიმართა ჩრდილოეთ ევროპაში მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა. ნიკო ფიროსმანაშვილის 50-ამდე ნამუშევარი ოთხი თვის განმავლობაში 250 000-მა დამთვალიერებელმა ნახა.
ამის შემდეგ ექსპოზიციამ გადაინაცვლა შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში.
ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ორ მნიშვნელოვან გამოფენაზეც - „ავანგარდი საქართველოში. 1900-1936“ (სახვითი ხელოვნების ცენტრი „ბოზარი“) და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმი).
დამთვალიერებელს განახლებული ექსპოზიციის ნახვა 13 თებერვლიდან შეეძლება.
ნანახია: 713
მსგავსი სიახლეები
clickss