2026-11-24

18:42

ირაკლი ბოკუჩავა - „საერთაშორისო აღიარება ქართული ღვინის საერთო წარმატებაა“

24-11-2026 18:23

მეღვინეობა „თელიანი ველი“  მეხუთე წელია IWSC-ის საქართველოში ჩატარების მხარდამჭერი და ოფიციალური სპონსორია

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელიც წელს საქართველოში უკვე მეხუთედ  გაიმართება.  IWSC საიუბილეო საერთაშორისო  კონკურსს ამჯერად იმერეთის რეგიონში ჩაატარებს. კონკურსი ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო დონის პროფესიულ ჟიურის წარუდგინონ, მიიღონ ექსპერტული შეფასებები და მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება.

კონკურსზე რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და გურჯაანის ღვინის ფესტივალთან პარტნიორობით ეწყობა,  ჟიურის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული ღვინის მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოს მაგალითზე აღმოაჩინონ. 2027 წლის ღვინისა და სპირტიანი სასმელების შეფასების ღონისძიება 23–28 ნოემბერს, გაიმართება.

კონკურსის მნიშვნელობაზე, ქართული მეღვინეობის განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო აღიარების როლზე გვესაუბრება მეღვინეობა  „თელიანი ველის“ კომერციული დირექტორი ირაკლი ბოკუჩავა.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა  „თელიანი ველი“ უკვე მეხუთე წელია IWSC-ის საქართველოში ჩატარების მხარდამჭერი და ოფიციალური სპონსორია. კომპანიისთვის ეს მხარდაჭერა ქართული ღვინის ინდუსტრიის გაძლიერების, მცირე და საშუალო მარნებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისა და ქართული ღვინის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცების მნიშვნელოვანი ნაწილია.

-          ბ-ნო ირაკლი, რას ნიშნავს ქართველი მეღვინეებისთვის IWSC-ის საქართველოში მეხუთედ ჩატარება და რა შესაძლებლობებს ქმნის ეს ინდუსტრიისთვის?

-          IWSC ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გავლენიანი საერთაშორისო კონკურსია, რომელიც დიდ ბრიტანეთში ტარდება და წელს უკვე მეხუთედ საქართველოშიც გაიმართება. ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობა აქვთ, ღვინო საერთაშორისო ჟიურის ადგილზე წარუდგინონ და ისეთივე მნიშვნელობის ჯილდო მოიპოვონ, როგორსაც დიდ ბრიტანეთში მიიღებდნენ. IWSC-ს საქართველოში ჩატარება ამცირებს მონაწილეობის ხარჯებს და კონკურსს მეტი მეღვინეობისთვის ხდის ხელმისაწვდომს. ჟიურის წევრებთან უშუალო ურთიერთობა კი მეღვინეებს პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და საკუთარი ღვინის შესახებ შეფასებების მოსმენის შესაძლებლობას აძლევს. „თელიანი ველი“, როგორც კონკურსის ოფიციალური სპონსორი, ხელს უწყობს ამ შესაძლებლობების გაფართოებას და ქართული მეღვინეობის განვითარებას.

-          როგორ ეხმარება ასეთი კონკურსები ქართულ ღვინოს საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაში?

-          კონკურსის საქართველოში ჩატარება ადგილობრივ მეღვინეობებს მონაწილეობისა და საერთაშორისო აღიარების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. რაც უფრო მეტი ქართული ღვინო იღებს ჯილდოს, მით უფრო თვალსაჩინო ხდება ჩვენი ღვინის ხარისხი და მრავალფეროვნება საერთაშორისო აუდიტორიისთვის. ეს აღიარება აძლიერებს ქართული ღვინის რეპუტაციას, ზრდის მის მიმართ ინტერესს და მეღვინეებს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარებაში ეხმარება.

-          რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ჟიურის პროფესიული უკუკავშირი?

-          საერთაშორისო ჟიურის პროფესიული უკუკავშირი ქართველ მეღვინეებს ეხმარება, საკუთარი ღვინო ფართო საერთაშორისო კონტექსტში შეაფასონ და განვითარების მიმართულებები განსაზღვრონ. ეს ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებს აგემოვნებენ და მათი შეფასება მრავალფეროვან გამოცდილებას ეყრდნობა. მათგან მიღებული უკუკავშირი მეღვინეს აჩვენებს, რა არის მისი ღვინის ძლიერი მხარეები და რისი გაუმჯობესება შეუძლია, რათა ღვინომ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოტენციალი უკეთ წარმოაჩინოს.

-          რას ნიშნავს „თელიანი ველისთვის“ კონკურსის მხარდაჭერა და რა მნიშვნელობა აქვს მას მცირე და საშუალო მარნებისთვის?

-          „თელიანი ველისთვის“ მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ქართული მეღვინეობის განვითარებას, მეტი შესაძლებლობა შეუქმნას მცირე და საშუალო მარნებს, ამ მიზანს ემსახურება IWSC Georgia-ს მხარდაჭერაც. როგორც აღვნიშნე, მცირე მარნებს ადგილობრივად კონკურსში მონაწილეობა უმარტივდებათ და უმცირდებათ ხარჯები, ხოლო საერთაშორისო ჟიურის შეფასება და მოპოვებული აღიარება მათ  განვითარებასა და ახალ ბაზრებზე დამკვიდრებაში ეხმარება.

-          რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ წამყვანმა კომპანიებმა მთლიანად ქართული მეღვინეობის განვითარებას შეუწყონ ხელი?

-          მსოფლიო ბაზარზე თითოეული ქართული მეღვინეობის წარმატება მთელი ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია. ყოველი საერთაშორისო აღიარება ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას, აძლიერებს მის რეპუტაციას და სხვა მწარმოებლების მიმართაც აჩენს ინტერესს. სწორედ ამიტომ წამყვანი კომპანიების მხარდაჭერა ხელს უწყობს როგორც ცალკეული მარნების განვითარებას, ისე ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებას საერთაშორისო ბაზარზე.

-          რას ნიშნავს IWSC-ზე მიღებული მედლები „თელიანი ველისა“ და მისი სამომავლო გეგმებისთვის?

-          “თელიანი ველის” ღვინოები ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებზე წარმატებას ყოველწლიურად აღწევს, რაც კონკრეტული ღვინოების აღიარებასთან ერთად, ხარისხის სტაბილურობას ნიშნავს. ამასთანავე კონკურსზე მოპოვებული ჯილდოები გვეხმარება რომ რეპუტაცია და სანდოობა გავამყაროთ.

-          რას უთმობთ განსაკუთრებულ ყურადღებას მეღვინეობის განვითარებისთვის?

-          ჩვენთვის პრიორიტეტი მოსავლიდან მოსავლამდე სტაბილურად მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა, რასაც საერთაშორისო კონკურსებზე ყოველწლიურად მოპოვებული ჯილდოებიც ადასტურებს. ამის გარდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქართული ვაზის ჯიშებსა და ტრადიციული წესით დაყენებულ ქვევრის ღვინოებს, რათა უცხოელ და ქართველ მომხმარებელს ქართული ღვინის ხასიათი და თავისებურება მკაფიოდ დავანახოთ.

-          რას ურჩევდით ქართველ მეღვინეებს კონკურსში მონაწილეობასა და მედლის შემდეგ შედეგის გამოყენებაზე?

ქართველ მეღვინეებს ვურჩევდით, კონკურსებში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ჟიურის პროფესიონალური შეფასება და მოპოვებული ჯილდო გამოიყენონ ღვინის პოპულარიზაციისა და ახალი პარტნიორების მოსაზიდად. თითოეული მარნის საერთაშორისო აღიარება ქართული ღვინის საერთო რეპუტაციას აძლიერებს და მთელი ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები