„ვეისთლესი“ აჭარაში კამპანია „ეკომეგობრული აჭარას“ იწყებს
19 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბათუმში", საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია "ვეისთლესი" გამართავს შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტების მერებთან. შეხვედრაზე მოწვეული იქნებიან აჭარის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. შეხვედრაზე, პირველ რიგში, მოხდება პროექტ "ეკომეგობრული აჭარის" პრეზენტაცია. ამასთან, საუბარი გაიმართება ნარჩენების მართვის პოლიტიკაზე, მიღწევებზე, გამოწვევებსა და უახლოეს გეგმებზე. შეხვედრაზე დაგეგმილია მერიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებაც.
„ვეისთლესი“ „ეკომეგობრული აჭარას“ იწყებ აჭარის ექვს მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხულო, ქობულეთი, ქედა, შუახევი და ხელვაჩაური) საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარებით, რომელიც 20-29 ოქტომბერში გაიმართება. პროექტის მეორე ეტაპზე შერჩეულ სკოლებში კი ელექტრონარჩენების შესაგროვებელი ინფრასტრუქტურა განთავსდება. ამის შემდეგ, 30 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ორკვირიანი კონკურსი ჩატარდება, რომლის ფარგლებში მოსწავლეები ერთის მხრივ, ელექტრონარჩენებს შეაგროვებენ, მეორეს მხრივ სოციალურ მედიაში კამპანიას განახორციელებენ, რათა თანატოლებსა და საზოგადოებას ნარჩენების სწორი მართვის მნიშვნელობა გააცნონ.
კონკურსის გამარჯვებულები ის სკოლები გახდებიან, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტრონარჩენს შეაგროვებენ. პროექტი 28 ნოემბერს ბათუმში მასშტაბური ეკოფესტივალით დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებული სკოლები სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდებიან. სტუმრებს ასევე ელოდებათ ეკომეწარმეების გამოფენა, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები და მუსიკალური კონცერტი.
პროექტი „ეკომეგობრული აჭარა“ მიზნად ისახავს სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას, ელექტრონარჩენების სწორად შეგროვების პოპულარიზაციასა და მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. იგი „ვეისთლესის“ მიერ რეგიონებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული ინიციატივების გაგრძელებაა. მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ასოციაციამ მსგავსი კამპანია კახეთში გამართა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით დაახლოებით 48 ტონა ელექტრონარჩენი შეგროვდა.
„ვეისთლესის“ მიზანია, ახალგაზრდები გარემოს ელჩებად იქცნენ, ისწავლონ ელექტრონარჩენების სწორი მართვა და მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ. ელექტრონარჩენები არ უნდა გადაიყაროს საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად, რადგან მნიშვნელოვანია მათი ცალკე შეგროვება და გადასამუშავებლად ჩაბარება.
საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესი“, რომელიც 17 375 ბიზნესკომპანიას აერთიანებს, ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს მსგავსი ინიციატივების განხორციელებას.
ნანახია: 15
მსგავსი სიახლეები
clickss