პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ- ს“ და „მეთადონს“.
გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინებიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
დაკავებულებიდან ოთხ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, ხოლო ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნანახია: 18
მსგავსი სიახლეები
clickss