დაგროვებით პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
დაგროვებით პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით - 76 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.
საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს 2025 წლის 1-ელი მაისის შემდგომ საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას, თუკი დამსაქმებლები არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა საპენსიო შენატანების და საურავების სრულად დაფარვას უზრუნველყოფენ.
გარდა ამისა, მცირდება ჯარიმის ოდენობა - პირველ და განმეორებით შემთხვევებში 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმის ოდენობა 300 ლარი იქნება.
კანონის პროექტი ითვალისწინებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობების ახლებურად მოწესრიგებას. კერძოდ, კანონის პროექტით განისაზღვრება “მიუღებელი სარგებლის“ ცნება, დგინდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენის, დამსაქმებლისთვის ჯარიმის დაკისრების და მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვის, მათი აღსრულებისა და გასაჩივრების წესები, აგრეთვე განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესაძლებლობა.
პროექტით გათვალისწინებით, იქმნება საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური და განისაზღვრება მის მიერ საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.
ამასთან, როგორც დღეს მომხსენებელმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა, ინიცირებულ კანონპროექტში სამი შინაარსობრივი ხასიათის ცვლილება შევიდა. კერძოდ, ჯარიმების გასაჩივრებაზე გავრცელდება ზოგადი 30 - დღიანი ვადა, ნაცვლად 10 დღისა. ჯარიმის საჯაროდ გავრცელებისთვის გათვალისწინებული 10 კალენდარული დღე 10 სამუშაო დღით შეიცვალა. გარდა ამისა, მოიხსნა საპენსიო დავალიანების განწილვადების არაუმეტეს 18 თვეზე გადანაწილების შეზღუდვა.
ნანახია: 132
მსგავსი სიახლეები
clickss