შალვა პაპუაშვილი - ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასული ადამიანი, რომელთა მეთოდია, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი
ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასული ადამიანი და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია მათი მეთოდია მცდელობა, სხვადასხვა ტრაგედიაზე პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით არსებულ აზრთა სხვადასხვაობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და არ არსებობს საფუძველი, რომ გამოძიების მიმდინარეობის გამოკვეთილ ფაქტებს არ ენდო.
„ეს ასეთი მოწყობის ხალხია, ასეთი ჯგუფია- ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასული ადამიანი, ყველაზე კარგად ეს ვნახეთ ჩვენ შარშან 4 ოქტომბერს, 7000 ადამიანი რომელიც მზად არის, რომ ქვეყანა დაანგრიოს, მზად არის, რომ აქ სისხლისღვრა იყოს, ხელისუფლების დამხობა იყოს, ამ ყველაფერზე წამსვლელი არის. აქედან რამდენიმე ასეული უფრო აქტიურია და განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია მათი მეთოდია მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი. ამ ყველა საკითხზე კისერი წაიმტვრიეს. ყველა ასეთ დროს, როდესაც ცდილობდნენ ტრაგედია გამოეყენებინათ, ყველაფერზე კისერი წაიტეხეს, თავიდანვე ჩანდა, რა იყო სიმართლე და პირდაპირ ჩანდა, რომ ეს ადამიანები დაკავებულები არიან მანიპულაციით და რეალობის გაყალბებით. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულები არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც თავის თავს მედიას უწოდებენ და სინამდვილეში უბრალოდ ისტერიას და მანიპულაციას არიან მიყოლილნი. გამოძიება, ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. მათ შორის, გამოვლინდნენ პერსონები, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვანაირად ჩართულები იყვნენ ამ უბედური შემთხვევის დადგომაში და საბოლოო პასუხი გაეცემა გამოძიების მხრიდან ყველა ამ საკითხს. ვხედავთ, რომ რაიმე საფუძველი, არ ვენდოთ იმ ფაქტებს, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, ჩვენებები, არ არის. ძალიან შეთქმულების თეორიის მოყვარული უნდა იყოს ვინმე ან ძალიან დიდი მტერი უნდა იყოს საქართველოსი და ქართული საზოგადოების“.- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, ვინაიდან მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა კორპუსში „გაფუჭებული ხორცის მძაფრი სუნის” გამო გამოიძახეს. ბუავა მაშველებს ბინაში შესვლისას გარდაცვლილი დახვდათ. 29 აგვისტოს სამართალდამცავებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი - ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
სამართალდამცავებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
ნანახია: 61
მსგავსი სიახლეები
clickss