2026-08-18

11:23

ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის იძებნებოდა

18-08-2026 10:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ  საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უზბეკეთის რესპუბლიკის  მოქალაქე დააკავეს.

 

მამაკაცი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით შეთქმულების, მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენისა და აღმოჩენის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა.

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული პირი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთ-ერთი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოფრენისას დააკავეს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ძებნილმა პირმა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჯგუფება ჩამოაყალიბა, ამავე მიზნით, ასევე, შექმნა ფინანსური დახმარების ქსელი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ დაჯგუფების ლიდერი და  წევრები აქტიურ  მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ სირიაში, ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოს“. 

 

ამასთან, დაკავებული, სხვადასხვა პირს სირიაში საბრძოლველად გამგზავრებისკენ მოუწოდებდა და აღნიშნულში დახმარებას სთავაზობდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები