მიხეილ ყაველაშვილი - თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოება გაცილებით ფართო ცნებაა და მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლას, რომელთა მიზანიც სახელმწიფოს დასუსტებაა - ამიტომ სუს-ის ეფექტიან საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 11 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოება გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ოდესმე და ტრადიციული გამოწვევების გარდა მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან, საინფორმაციო ომთან, კიბერშეტევებსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ბრძოლას, რომელთა მიზანიც საზოგადოების დაყოფა და სახელმწიფოს დასუსტებაა.
მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან საქმიანობას, რადგან ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციური წესრიგის, შიდა სტაბილურობისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლზე ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმსა და კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე, ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების პრევენციის მიმართულებით.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო იმ თანამშრომლების ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სამსახურში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
ნანახია: 20
მსგავსი სიახლეები
clickss