რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყება, რის გამოც რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება შეიზღუდება
მინდა, ინფორმაცია მივაწოდო თბილისის მოსახლეობას - ვიწყებთ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, ეს არის რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო გაიწელა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, ღამის 00:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რეაბილიტაციის გამო, რუსთაველის გამზირზე და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება შეიზღუდება. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
„თქვენ იცით, რომ რამდენჯერმე იყო გამოცხადებული ტენდერი, თუმცა კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს და რამდენჯერმე მოხდა აღნიშნული ტენდერის ჩავარდნა, თუმცა უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას. რუსთაველის გამზირი არის ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი როგორც ვიზუალური, ისე ისტორიული თვალსაზრისით, რომელსაც უნახავს არაერთი სიხარული, გამარჯვება, ტკივილი თუ მწუხარება და აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული და თანამედროვე, რათა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს სიამაყის განცდა.
დედაქალაქის მთავარი გამზირი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთულია, სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ სივრცედ გარდაიქმნება.
სამუშაოები 23 ივლისს დაიწყება. ღამის 00:00 საათზე დავიწყებთ, რა დროიდანაც რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციების განახლება. შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, ასევე საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
ამასთანავე, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მიმზიდველსა და ეკოლოგიურად გაუმჯობესებულ გარემოდ აქცევს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს. მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. პროექტის განხორციელებას დღისა და ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები გაუწევენ ზედამხედველობას, რათა დროულად დავამთავროთ სამუშაოები“, - განაცხადა კალაძემ.
ნანახია: 39
მსგავსი სიახლეები
clickss