ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულება მან გუშინ დატოვა.
„გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ, სამაჯურით გამომიშვეს. უდოს კომისიას მივმართე და მათი გადაწყვეტილება იყო. იმ კომპანიაში არ დავბრუნდები, თუმცა ვერ გეტყვით, რას ვაპირებ, მომავალი გვაჩვენებს. ჯერჯერობით ოჯახთან ვარ,“ - განაცხადა ფურცხვანიძემ.
შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მომხდარზე სასამართლოში საქმის წარმოება ორ ეპიზოდად მიმდინარეობდა. ერთი ეპიზოდის შემთხვევაში სასამართლომ 9 პირიდან 8 დამნაშავედ ცნო. კერძოდ კი: „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3 წლით, დევი კახოიძეს 3 წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4 წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3 წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.
ნანახია: 99
მსგავსი სიახლეები
clickss