სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია. აღნიშნულის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მაღრაძის განმარტებით, დაკავებული დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.
დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.
საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - თქვა ლაშა მაღრაძემ.
ნანახია: 17
მსგავსი სიახლეები
clickss