სურსათის ეროვნული სააგენტო - „ფუდ გალერიში“ აღებულ რამდენიმე საკვებ ნიმუშში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა
29-05-2026 11:37
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ფუდ გალერიდან“ აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღო, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე დასახელების პროდუქტი დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება. „Newsday.ge“-ს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დარღვევები დაფიქსირდა შემდეგ პროდუქტებში: უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ნედლი ქათმის ფილე.
კერძოდ, ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ აერობული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა უზბეკური ფლოვის, ომლეტის (სოკოთი), ბოსტნეულის კოქტეილისა და ტირამისუს ნიმუშებში. გარდა ამისა, აღნიშნულ პროდუქტებში გამოვლინდა ოქროსფერი სტაფილოკოკი (S.aureus) და კოლიფორმული ბაქტერიები.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორს დაევალა სამუშაო ზედაპირების, მოწყობილობების, აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფექცია და ნიმუშების აღება, ასევე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ ოქროსფერი სტაფილოკოკი პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმია, რომლის მატარებელიც ჯანმრთელი ადამიანების 20-25%-ია. იგი ასევე გვხვდება ცხოველთა კანსა და ლორწოვანზე. ჩვეულებრივ პირობებში მიკრობი არ იწვევს დაავადებას, მაგრამ დაბინძურებული სურსათის ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებისას მიკრობი მრავლდება, გამოიმუშავებს ტოქსინს და იწვევს სურსათისმიერ დაავადებას (გასტროენტერიტი ან ნაწლავის ლორწოვანის ანთება).
უწყების ინფორმაციით, მიკრობის გამრავლებასა და ტოქსინის გამომუშავებაზე ზეგავლენას ახდენს სურსათის არასათანადო თერმული დამუშავება, ჯვარედინი დაბინძურება (სურსათის დამუშავების პროცესებს შორის არასათანადო რეცხვა/დეზინფექციის ჩატარება), სურსათის არაერთგვაროვნების პრინციპის დარღვევა და პერსონალის არასათანადო ჰიგიენის პრაქტიკა.
ნანახია: 48
მსგავსი სიახლეები
clickss