ლიზა თაყაიშვილი — ქართველი რაპირისტი, რომელიც მსოფლიო ელიტისკენ სწრაფად მიიწევს
ქართველ სპორტსმენებს შორის სულ უფრო ხშირად ჩნდება ახალი თაობა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელს ღირსეულად წარმოაჩენს. ისინი სულ უფრო ხშირად ამტკიცებენ, რომ წარმატება მხოლოდ გამოცდილებასთან არ არის დაკავშირებული — ის მიზანდასახულობას, შრომასა და სწორ შესაძლებლობებსაც მოითხოვს. სწორედ ასეთ მაგალითს წარმოადგენს ლიზა თაყაიშვილი — ახალგაზრდა ქართველი რაპირით მოფარიკავე, რომელიც დღეს საერთაშორისო რაპირით ფარიკაობის რუკაზე მკაფიოდ იკვეთება და მსოფლიო ელიტისკენ დამაჯერებლად მიიწევს.
ლიზა თაყაიშვილი ქალთა რაპირის მიმართულებით ასპარეზობს და უკვე არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანია, მრავალგზის ჩემპიონი საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში.
2025-2026 წლის ახალგაზრდულ და კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე (რაპირა) ის მოხვდა საუკეთესო 20-ეულში და უკვე ახალ სეზონს მსოფლიოს მე-15 ნომრად დაიწყებს. ასევე, 2025–2026 სეზონში იტალიის ეროვნულ რეიტინგში ტოპ 10-ში შევიდა და მე-8 პოზიციაზე დაიკავა ადგილი. რაპირით ფარიკაობის ამ დისციპლინაში იტალიის განსაკუთრებული სიძლიერის გათვალისწინებით, ლიზას შედეგები მისი ასაკისთვის გამორჩეულ მიღწევად ითვლება,
„იტალიაში ჩამოსვლამდე ჩემი რეიტინგი იყო 219-ე და ორი წლის განმავლობაში შრომით, მუდმივი პროგრესითა და დიდი გამოცდილების დაგროვებით შევძელი დღევანდელი შედეგების მიღწევა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ და პირველი ადგილისთვის ბრძოლას ვაგრძელებ.“
2025 წელს სლოვაკეთში გამართულ იუნიორთა მსოფლიო თასზე “Golden Hope Cup” ლიზამ 217 მონაწილეს შორის მე-8 ადგილი დაიკავა და გახდა პირველი ქართველი ქალი რაპირისტი, რომელმაც ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ტურნირზე მსოფლიოს საუკეთესო რვა მონაწილეს შორის შეძლო მოხვედრა.

„ეს შედეგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — არა მხოლოდ როგორც პირადი მიღწევა, არამედ როგორც დასტური იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავარ.
ჩემი ოჯახი ყოველდღიურად დიდ ძალისხმევას დებს, რათა მომცეს უკეთესი განვითარების და წარმატების შესაძლებლობა. მათი მხარდაჭერა ხშირად მოითხოვს მნიშვნელოვან დათმობებსა და დიდ შრომას, რაც ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია. სწორედ ეს თავდადება და ზრუნვა მაძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტი ვიშრომო, განვვითარდე და საბოლოოდ მივაღწიო ჩემს მიზნებს,“ — ამბობს ლიზა თაყაიშვილი.
მისი თქმით, ყოველი ტურნირი მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელიც აძლიერებს, ზრდის და მიზანთან კიდევ უფრო აახლოებს.
ლიზამ ფარიკაობა 10 წლის ასაკში, სკოლაში დაიწყო. სულ ერთ წელიწადში სკოლის ჩემპიონი გახდა და მალევე ეროვნულ თუ საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით დაწინაურდა. 2023 წელს ბულგარეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა, სადაც იგი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ჯუზეპე პიერუჩიმ შენიშნა. იმავე წლის სექტემბერში ლიზა იტალიაში მიიწვიეს, სადაც დღეს ქალაქ ლივორნოში სრულ განაკვეთზე ვარჯიშობს და პარალელურად საერთაშორისო ტურნირებზე კვლავ საქართველოს სახელით ასპარეზობს.

„ეს იყო მომენტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, იტალიაში გადასვლა დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ასევე უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა.“ - — იხსენებს ლიზა.
დღეს ლიზა ქალაქ ლივორნოში სრულ განაკვეთზე ვარჯიშობს და საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ საქართველოს სახელით გამოდის. მისი შედეგები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის მომავალზე — მათ შორის, განათლების გაგრძელების პერსპექტივაზე წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებში. მისი მთავარი მიზანი კი მარტივად და მკაფიოდ ჟღერს: „მინდა გავხდე მსოფლიოს ნომერ პირველი რაპირით მოფარიკავე. ვიცი, რომ ეს მარტივი არ არის, მაგრამ ყოველდღე ამ მიზნისთვის ვმუშაობ“.

დღეს ლიზა თაყაიშვილი არა მხოლოდ პერსპექტიული სპორტსმენია, არამედ იმ ახალი ტალღის წარმომადგენელი, რომელიც ქართულ სპორტს საერთაშორისო წარმატებებისკენ მიიყვანს. მისი ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნიჭი, შრომა და მხარდაჭერა ერთად ქმნის გამარჯვებას. ლიზა მხოლოდ მედლებისთვის არ იბრძვის — ის საქართველოს ქალთა რაპირით ფარიკაობის ახალ ისტორიას წერს.

ნანახია: 40
მსგავსი სიახლეები
clickss