2026-02-13

14:56

ირაკლი კობახიძე - შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში

13-02-2026 11:15

მიუხედავად იმისა, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა აძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ასევე, პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა მნიშვნელოვნად იზღუდება.

„პირველ რიგში, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20 ათასზე მეტს შეადგენს. ამასთან, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა პირველი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ. მთავრობა ამ კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. 2017 წელს, სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აკრძალა. საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები