საგამოძიებო სამსახურმა ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქონლის რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2025-2026 წლებში ყიდულობდა სხვადასხვა დასახელების ბრენდულ ვადაგასულ პროდუქტს, რომელიც უნდა გამოეყენებინა ცხოველების საკვებად.
დაკავებული პირი, კუსტარულად დამზადებული ბეჭდის მეშვეობით, პროდუქციას ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და აღნიშნული პროდუქტის რეალიზაციას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გურგენიანში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოდან ახდენდა.
გამოძიების პროცესში დაგეგმილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, ბრალდებულისგან შეძენილი იქნა ბრენდირებული ვადაგასული პროდუქცია.
ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სასაწყობე ფართიდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ბრენდული ვადაგასული პროდუქცია, ვარგისიანობის ვადის შესაცვლელად კუსტარულად დამზადებული ბეჭედი, ასევე ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ვადაგასული პროდუქციის გამოვლენისა და ამოღების მიზნით.
ნანახია: 24
მსგავსი სიახლეები
clickss