კომპანია „სფერო ინვესტის“ მიერ დაზარალებულები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
კომპანია „სფერო ინვესტის“ დაზარალებულები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0J3PsUoUkvhFwpWkApcvs69CZeX2DaDUeZsHqVy7V6tzNehCjC7MAnZavswpTF6dAl&id=61586446527993
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს
მოგმართავთ კომპანია „სფერო ინვესტის“ მიერ დაზარალებულთა სახელით. ჩვენი მდგომარეობა დღეს კრიტიკულია: ჩვენ არამხოლოდ ფინანსური ზარალი მივიღეთ, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით დავრჩით ღია ცის ქვეშ. კომპანიისგან ვიგირავეთ ბინები, თუმცა, როგორც გაირკვა, თაღლითური სქემის მსხვერპლნი გავხდით. რეალურმა მესაკუთრეებმა ბინებიდან გამოგვასახლეს და დღეს ასეულობით ოჯახი, მათ შორის მოხუცები და ბავშვები, ქუჩაში ვართ დარჩენილები
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დამფუძნებელი, გიგი წულეისკირი, დაკავებულია და მიმდინარეობს სასამართლო განხილვები, ხოლო დირექტორი ძებნილად არის გამოცხადებული ინტერპოლის მიერ, პროცესი ჭიანურდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს დაზარალებულთა მდგომარეობას.
ჩვენი ძირითადი მოთხოვნები და თხოვნაა:
1) გამოძიების დაჩქარება: გთხოვთ, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოთ საგამოძიებო და სასამართლო პროცესების დროულად დასრულებას.
2) ქონების რეალიზაცია: აუცილებელია კომპანიის ბალანსზე არსებული თუ დაყადაღებული ქონების დროული რეალიზაცია, რათა ამოღებული თანხებით მოხდეს დაზარალებულების კუთვნილი თანხის დაბრუნება
3) სამართლიანობის აღსრულება ყველა რგოლზე: გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ კომპანიის იურისტი, რომლის ხელმოწერაც ფიგურირებს უმეტეს თაღლითურ დოკუმენტაციასა და ხელშეკრულებაზე, ამ დრომდე არ არის მიცემული პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ სქემის სრულყოფილი გამოძიება შეუძლებელია ყველა ჩართული პირის პასუხისმგებლობის გამოკვეთის გარეშე.
თქვენი მხარდაჭერა და ამ საკითხის პირად კონტროლზე აყვანა არის ჩვენი ერთადერთი იმედი, რომ დავიბრუნოთ კუთვნილი თანხა და ქვეყანაში აღსრულდეს სამართალი.
ჩვენი რესურსი ამოწურულია. სახელმწიფო არის ჩვენი სამართლიანობის აღდგენის ბოლო იმედი. გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ ქუჩაში და დაგვეხმარეთ კუთვნილი თანხების დაბრუნებაში.
პატივისცემით,
„სფერო ინვესტის“ დაზარალებულები
ნანახია: 173
მსგავსი სიახლეები
clickss