"ეკომეგობრული აჭარა 2026" ფარგლებში „ვეისთლესიმ“ აჭარის მუნიციპალიტეტის მერებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა
ბათუმში, საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციამ „ვეისთლესი“ ფართომასშაბიანი ცნობიერების ამაღლების რეგიონული კამპანიის "ეკომეგობრული აჭარა 2026" ფარგლებში, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დასასრულს “ვეისთლესის“ თავმჯდომარემ გიორგი გულიაშვილმა მერებთან ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმებიც გააფორმა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მერიებთან თანამშრომლობით საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და მოსწავლეების, ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების სწორ მართვასა და გარემოს დაცვაზე, სასკოლო კონკურსის მიმდინარეობისას მუნიციპალურ მხარდაჭერასა და სპეციფიკური ნარჩენების სწორი მართვის თაობაზე გრძელვადიან თანამშრომლობას.
“ვეისთლესიმ” მერიების წარმომადგენლებს რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტში შერჩეულ 36 სკოლის მოსწავლეებთან 20-29 ოქტომბრის განმავლობაში საგანმანათლებლო შეხვედრების ფაზის წარმატებით ჩატარებისა და 30 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით დაწყებული სასკოლო კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შეაგროვებენ ელექტრო ნარჩენებს და სოციალურ კამპანიას აწარმოებენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რა გადაწყვეტილება მიიღონ მაშინ, როცა ელექტრონული მოწყობილობა აღარ სჭირდებათ - სად ჩააბარონ და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის ჩვეულებრივ ნაგავში არ მოხვდეს. სწორედ ამას ემსახურება პროექტი „ეკომეგობრული აჭარა“ - ელექტრონარჩენების სწორად შეგროვების პოპულარიზაციას, მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკის დანერგვასა და გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებას. პროექტის განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა. ამ მიზნით, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ქმნის მყარ საფუძველს ერთობლივი საქმიანობისთვის, ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის აქტიური ჩართულობისა და გარემოსდაცვითი ინიციატივების ეფექტიანად განხორციელებისთვის.
აღნიშნული პროექტი „ვეისთლესის“ მიერ რეგიონებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული ინიციატივების გაგრძელებაა. მსგავსი კამპანია მიმდინარე წლის აპრილ-მაისში კახეთში ჩავატარეთ. ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით დაახლოებით 48 ტონა ელექტრონარჩენი შეგროვდა, რაც გვაჩვენებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით რეალური შედეგების მიღწევა შეგვიძლია. გვინდა, ეს გამოცდილება აჭარაშიც გავიზიაროთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ერთად ვიზრუნოთ უფრო სუფთა და ჯანსაღ გარემოზე“, - აცხადებს საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილი.
„გარემოს დაცვა მხოლოდ ერთი უწყების ან ორგანიზაციის პასუხისმგებლობა არ არის - ეს ჩვენი საერთო ვალდებულებაა. პროექტი „ეკომეგობრული აჭარა“ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, გარემოსდაცვითი საკითხები ადგილობრივ დონეზე უფრო აქტიურად ვმართოთ და მოსახლეობაში ნარჩენების სწორად შეგროვებისა და გადამუშავების კულტურა დავამკვიდროთ. ექვსივე მუნიციპალიტეტის ჩართულობა და თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება ამ პროცესს უფრო ორგანიზებულსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის. ჩვენი მიზანია, გარემოზე ზრუნვა ერთჯერადი კამპანია კი არა, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს“, - აღნიშნა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ.
„მოხარული ვართ, რომ პროექტი „ეკომეგობრული აჭარა“ ჩვენს მუნიციპალიტეტშიც ხორციელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებისა და მოსწავლეების ჩართულობა, რადგან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და სწორი ჩვევების ჩამოყალიბება სწორედ ადრეული ასაკიდან იწყება. როდესაც ბავშვები სწავლობენ, რატომ არ უნდა მოხვდეს ელექტრონული ნარჩენი საყოფაცხოვრებო ნაგავში და სად უნდა ჩააბარონ გამოყენებული მოწყობილობები, ისინი ამ ცოდნას ოჯახებსა და საკუთარ გარემოშიც ავრცელებენ. გვჯერა, რომ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა პროექტის შედეგებს კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის და ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ.
კონკურსის გამარჯვებულები ის სკოლები გახდებიან, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტრონარჩენს შეაგროვებენ. პროექტი 28 ნოემბერს ბათუმში მასშტაბური ეკოფესტივალით დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებული სკოლები სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდებიან. სტუმრებს ასევე ელოდებათ ეკომეწარმეების გამოფენა, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები და მუსიკალური კონცერტი.
„ვეისთლესის“ მიზანია, ახალგაზრდები გარემოს ელჩებად იქცნენ, ისწავლონ ელექტრონარჩენების სწორი მართვა და მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ. ელექტრონარჩენები არ უნდა გადაიყაროს საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად, რადგან მნიშვნელოვანია მათი ცალკე შეგროვება და გადასამუშავებლად ჩაბარება.
(R)
ნანახია: 15
მსგავსი სიახლეები
clickss