2026-09-14

19:40

მიხეილ სააკაშვილი - გარჩევების დრო არ არის, ჯერ ესენი მოვიშოროთ და მერე იქნებ ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ

14-09-2026 13:47

დღეს ახალი პარტიები ჩნდებიან სოკოსავით, რომლებიც ამბობენ, “ჯერ მიშა უნდა მოვაშოროთ და შემდეგ ივანიშვილიო. მეგობრებო, ახლა არ არის ერთმანეთთან დაპირისპირების, გარჩევების დრო. ვიდგეთ ერთად, ჯერ ეს მოვაშოროთ და მერე იქნებ, ჩემით გაგშორდეთ და მერე კისერიც გიტეხიათ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან სასამართლოს მიმართა, “7 ნოემბრის საქმე დაასრულონ”.

“მინდა სასამართლო შემადგენლობას ვუთხრა, რომ იმდენი წელია ეს პროცესი მიმდინარეობს, რომ ტკბილად შევაბერდით ერთმანეთს ყველა. ამასობაში, გამიჩნდა შვილი, რომელიც დღეს სკოლაში წავიდა, გამიჩნდა შვილიშვილი, ბევრი რამ შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში. თქვენთანაც შეიცვალა ან თმები დაგცვივდათ და მაინც, მრავალი წელია ვაგრძელებთ აქციებს. მინდა მივმართო ივანიშვილს, რომელიც ამ პროცესით იკმაყოფილებს ჩემდამი სადისტურ ლტოლვას. ბიძინა, იშოვე ფული, დაიმკვიდრე თავი, როგორც დიქტატორმა მსოფლიოში, შენც გაგიჩნდა შვილიშვილები, გახდი ბაბუა და არ დადგა დრო, რომ ეს ცირკი დაასრულო?

საქმე, რომელზეც მასამართლებთ, შედგენილია “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, ოთარ ფარცხალაძე- რომანოვის მიერ. მხოლოდ ამის გამო, რომ “ეფ-ეს-ბეს” ნომრიანმა აგენტმა მოამზადა (ჩემი საქმე) და ხელი მოაწერა მერე მისმა ხელქვეითმა, ნორმალურ სიტუაციაში ეს საქმე უნდა იყოს შეწყვეტილი, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ სიტუაციაში”, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილი გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის დაკავებასაც.

“გია ბარამიძე სამშობლოს ღალატისთვის გაამწესეს ციხეში. ამაზე მეტი ანეკდოტი არ არსებობს. ეს კაცი თავზე გვაფურთხებს, გვასკლინტავს და ჩვენ ვისხდეთ? “ნაზი ბულბული გალიაშია დატყვევებული” - პაატა ბურჭულაძე. (ციხესთან) დილით, გარეთ, 6 საათზე, იკრიბებიან ყვავები და სწორედ 6 საათზე, პაატა ბურჭულაძე უსმენს ყვავების ჭყავილს.

გვეუბნებიან, რომ მშვიდობაა მთავარი და ამაზე ვინ კამათობს, მშვიდობა აუცილებელია ქართველი ხალხისთვის, მაგრამ თუ შევეგუებით კორუფციას, კრიმინალს და ა.შ. აი, ეს არის თურმე მშვიდობა. ეს არის წარმოუდგენელი დაცინვა ქართველი ხალხისთვის. არასდროს, არასდროს, არასდროს! საქართველო არ ყოფილა ერთი ადამიანის საკუთრება...

გუშინ ტელევიზორში მოვისმინე, “იამაყეთ ჩვენი ეროვნული პროდუქტით, წვენით”. რა წვენი ხალხო?! აი, ეს უნდათ ამათ - “წვენის, ტყლაპის ინოვაციით დაიკმაყოფილეთ თავი, იამაყეთ თქვენო ელარჯით”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა ისაუბრა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიაზეც. მისი თქმით, ამბიცია არის მშვიდობა, მაგრამ არა ღირსების შელახვის და “ბოდიშების მოხდის ფონზე”.

“ჩვენ აფხაზეთში არ ვაპირებთ ვინმეს გაყრას. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობით შესვლას. ქართველ ხალხს ძალიან არ უყვარს მოღალატეები, ამიტომ ყველანი უნდა დავირაზმოთ. “სხვათა შორის” ბრძოლა არ გამოვა. 2012 წლიდან ივანიშვილი ცდილობს გაანადგუროს “ნაციონალური მოძრაობა” და ეს ხან გამოსდის ფულით და .... დღეს ახალი პარტიები ჩნდებიან სოკოსავით, რომლებიც ამბობენ, ჯერ მიშა უნდა მოვაშოროთ და შემდეგ ივანიშვილიო. მეგობრებო, ახლა არ არის ერთმანეთთან დაპირისპირების, გარჩევების დრო. ვიდგეთ ერთად, ჯერ ეს მოვაშოროთ და მერე იქნებ, ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ.

2012 წელს ციხე შიგნიდან გატყდა და მე არ ვიხსნი ამაზე პასუხისმგებლობას, სხვანაირად უნდა მემოქმედა, მაგრამ ვიღაცები გაიყიდნენ და ბიძინას მოსვლაში დაეხმარნენ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები