ირაკლი ზარქუა – ახალგაზრდებს სულ ვაფრთხილებდით, უსამშობლოებს თავს ნუ გამოაყენებინებდნენ, თავად საზღვარგარეთ მშვენივრად დაისვენეს, კარგად ირუჯებიან, ის ახალგაზრდები კიდევ ციხეში არიან
ახალგაზრდებს სულ ვაფრთხილებდით, რომ ამ უსამშობლოებს თავს ნუ გამოაყენებინებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, უსამშობლოების ამოცანაა, რაც უფრო მეტად დაიძაბება ვითარება ქვეყანაში, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ციხეში მოხვდება და დანაშაულს ჩაადენინებენ.
„მათი მიზანია, შტურმი იყოს პოლიციაზე, სამთავრობო შენობებზე, შტურმი პარლამენტზე. ეს ამათი დაკვეთა იყო და, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ციხიდან გაშვება არ აწყობთ. ახლა იმ ახალგაზრდების ბულინგი დაიწყეს, ვინც გამოვიდნენ და თქვეს, რომ შეცდომას აღიარებენ. ხელისუფლების ამოცანა არასოდეს ყოფილა ახალგაზრდების დაჭერა, პირიქით, ვეუბნებით, შეცდომა აღიარონ და ჩვენც მათკენ ნაბიჯს გადავდგამთ. 45 ადამიანი დილას თავის მშობლებთან ერთად ხვდება. ერთმანეთს აკომპლექსებენ და ერთმანეთის ტყვეები არიან, რომ რამენაირად, სტატუსკვო შეინარჩუნონ – „პოლიტპატიმრები“ და რაღაც სიგიჟეებს იძახიან. თავად საზღვარგარეთ მშვენივრად დაისვენეს, კარგად ირუჯებიან. ის ახალგაზრდები კიდევ ციხეში არიან, რადგან ბულინგის მსხვერპლი არიან, განცხადება არ დაწერონ. ამ უსამშობლოებს ეს რისთვის სჭირდებათ? ახალი დაფინანსება რომ მიიღონ. ამ ახალგაზრდებს შაბათ-კვირას რუსთაველზე რომ დაატარებენ, მათთან ერთად რომელიმე ლიდერი გამოდის? არა, მხოლოდ მათ იყენებენ. თავად მშვენივრად არიან წამოსკუპებული კურორტებზე დასასვენებლად“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ. მიხეილ ყაველაშვილმა სულ 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა.
ნანახია: 125
მსგავსი სიახლეები
clickss