2026-08-13

13:56

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია

13-08-2026 12:32

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით კიკნაძის განცხადებით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მისი ინფორმაციით, ბოლო დღეებში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის 55 ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირია.

კიკნაძის თქმით, დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებული თანხა და უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს. მისი განცხადებით, პოლიცია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების გამოვლენას და ქვეყნის საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებას აგრძელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კომპლექსურ საპოლიციო და პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

სამართალდამცველების მიერ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 135 პირი. მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55  პირია.  

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 260-ე ტერცია, 261-ე, 263-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების გამოვლენას.

ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით, პოლიცია, სხვა შესაბამის სამართალდამცავ უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების მაქსიმალურ დაცვასა და კონტროლს.

ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში, ნარკოტიკების რეალიზაციასა თუ ხელშეწყობაში, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება", - აცხადებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები