2025-04-16

19:07

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

პოლიტიკა
26-03-2025 15:41

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების დაცვისა და LGBTI პირების უფლებებთან დაკავშირებით. ასევე, კომისარი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გამოსცემს.

„ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში 21-23 იანვარს იმყოფებოდა. ვიზიტი, 2024 წლის 28 ნოემბერს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გადადების შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობას მოჰყვა“, - ნათქვამია მემორანდუმში.

კომისარი აღნიშნავს, რომ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის სარწმუნო ცნობების მიუხედავად, ძალადობისთვის არც ერთი სამართალდამცავი პირის პასუხიმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მეტიც, პროტესტის ზოგიერთი მონაწილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. კომისარი ხაზს უსვამს, რომ ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის წინაშე დაბრკოლებას ნიღბიანი პოლიციელების სათანადო იდენტიფიკაცია წარმოადგენს.

მაიკლ ო'ფლაერტი რეკომენდაციის სახით საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ მოუწოდებს, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების გზით. ასევე, ო'ფლაერტი სამართალდამცავების მიერ განმასხვავებელი საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების რეკომენდაციას გასცემს.

კომისარი შეშფოთებას გამოხატავს შეკრების თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ზედმეტ შეზღუდვებს აწესებს, აფართოებს სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებებს და პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის უფრო მკაცრ ჯარიმებს აწესებს.

„კომისარი აღნიშნავს, რომ ბევრი ცვლილება კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან შეუთავსებელია და რეკომენდაციას უწევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით კანონებში ცვლილებების შეტანას“, - ნათქვამია მემორანდუმში.

კომისარი შეშფოთებულია ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ გავრცელებული ცნობებით.

„ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც კომისარი ციხეში ესტუმრა, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის მზარდ რთულ პირობებს ასახავს. კომისარმა უკვე განაცხადა, რომ მისი წინასწარი დაკავება გაუმართლებელია“, - აღნიშნულია მემორანდუმში.

ასევე, კომისარი შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების შესახებ, მათ შორის, მღელვარების გამომწვევი რიტორიკის გამო, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არასაკმარისი მონაწილეობის გამო. კომისარი სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, რიგ რეკომენდაციებს ასახელებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასა და იმის უზრუნველყოფას, რომ შეკრების შესახებ ნებისმიერი კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას სრულად შეესაბამებოდეს.

კომისარი შეშფოთებულია LGBTI პირების წინაშე არსებული ძალადობისა და დისკრიმინაციის დონითაც.

„ხელისუფლებამ LGBTI პირების ყოველგვარი სტიგმატიზაცია უნდა შეწყვიტოს და შევიწროებისა და ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტურად გამოძიება უნდა უზრუნველყოს“, - აცხადებს მაიკლ ო'ფლაერტი.

კომისარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი უნდა გააუქმოს, რომელიც LGBTI პირების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და LGBTI პირების უფლებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები განახორციელოს.

წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/833996-evrosabchos-adamianis-uplebata-komisari-maikl-oplaerti-sakartveloshi-adamianis-uplebebis-mdgomareobis-shesaxeb-angarishs-akveqnebs

მსგავსი სიახლეები

2025-04-16 14:11
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი: საუკუნოვანმა მეგობრობამ და საერთო, კარგად გააზრებულმა პოლიტიკამ საშუალება მო

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო მომავალი სამხრეთ კავკასიის წარმატებული, ეკონომიკურად ძლიერი

2025-04-16 10:37
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი მონტენეგროს დიასპორის მინისტრს შეხვდა

ყურადღება გამახვილდა დიასპორასთან დაკავშირებულ ნოვატორულ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა

2025-04-15 11:35
სპორტი

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

2025-04-15 10:45
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს

2025-04-15 10:23
ეკონომიკა

„საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, FAO-ს და ხმელთაშუა და შავი ზღვის თევზჭერის გე

სემინარში მონაწილეობენ ჰუსამ ჰამზა და სინდი სიმეონოვა-GFCM; ნინო გერზმავა, ასოციაციის გამგეობის წევრი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები