2025-09-05

01:32

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით

პოლიტიკა
06-03-2025 10:46

2025 წლის 4-5 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

ასევე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

63-ე რაუნდის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე, და ამ კონტექსტში, ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებზე. ქართულმა მხარემ ასევე დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრა, რაც წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-08-19 10:12
პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები