2024-12-22

05:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები მთავრობის სხდომაზე

პოლიტიკა
10-12-2024 12:07

„ომის პარტიამ" რუსთაველის გამზირზე მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველზე - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი.

„ჩვენ მთავრობის წინა სხდომა გვქონდა 2 დეკემბერს, მაშინ იყო დაძაბული სიტუაცია, ეს იყო ძალადობრივი მიტინგების მეოთხე დღის მომდევნო დილა და მაშინ რადიკალურ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდა ესკალაციის საკმაოდ დიდი რესურსი. მათ მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე ომის იმიტაცია, „ომის პარტიამ" მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შსს-ს, ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს. ამ დღეების განმავლობაში შსს-მ იმოქმედა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და სწორედ ასე აღიკვეთა „მაიდნის" მცდელობა ჩვენს ქვეყანაში ზუსტად 5 დღეში. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რაზეც გამოძიება დაწყებულია.

გუშინ შსს საერთოდ არ იყო გამოსული პარლამენტის გარშემო პერიმეტრზე და მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული, აქაც იყო ძალადობის მთელი რიგი შემთხვევა - თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, შუშები ჩაამტვრიეს, 10-ზე მეტი ფანჯრის შუშა ჩაამტვრიეს შენობაში, იყო ცეცხლის გაჩენის მცდელობა, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არსებითად ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული და კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს ამისთვის. გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს დაზიანების რესურსი რადიკალურმა ძალებმა მთლიანად ამოწურეს ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე, სადაც წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო".

„გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი, ყველა ერთად, 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი - შინაარსისგან არის დაცლილი პროტესტი რუსთაველის გამზირზე. რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქტიურად ჟღერდება, არის მოძალადეების გათავისუფლება და ამ მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ სწორედ ისინი და, ისინი არიან ლოიალურად განწყობილი ამ ძალადობის მიმართ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია და პირიქით - მაქსიმალურადაა ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე.

მისივე განცხადებით, 4 წელიწადში, 2028 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90%-ზე მეტი იქნება შესრულებული.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად გაგრძელდება და ეს გზავნილი ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გაიგეს ეს ყველაფერი პროტესტის შესაბამისმა მონაწილეებმაც. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნა ვეღარ დგება მათი მხრიდან დღის წესრიგში, რადგან არაფერია რეალურად მოსათხოვი.

მეორე პოტენციური მოთხოვნა, რაც მათ შეიძლება გულში ედოთ, არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, თუმცა ამ მოთხოვნის დაყენებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, როგორც კი ამ მოთხოვნას დააყენებენ, მაშინვე გაიშიფრება, რომ მათ აქვთ თავიდან ბოლომდე პარტიული დღის წესრიგი. საქართველოში მაინცდამაინც პოპულარული არ არის საკუთარი თავის მიკუთვნება ამ 4-დან რომელიმე პარტიისადმი. ყველამ იცის, რომ ეს არის ერთი კოლექტიური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა", რომელიც შედგება 4 პარტიისგან - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებისგან. არავის არ უნდა ასოცირება მათთან. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ვერ აყენებენ ვერც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. შესაბამისად, რჩება უშინაარსო მიტინგები და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ამ ადამიანებს საბოლოო ჯამში უჭირთ რაიმე სერიოზული რესურსისთვის თავის მოყრა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას და ერთ-ერთ ლიდერს წამოსცდა კიდეც, რომ ხელისუფლების შეცვლა 20 იანვრამდე უნდა მოასწრონ, თუმცა ისინი ბევრად მალე, 20 იანვრამდე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში.

„ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ, თუმცა მათ მინდა დავპირდე, რომ ისინი ბევრად მალე, 20 იანვრამდე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობა მზად არის, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საუბარი დაიწყოს რეალურ, ღირებულებებზე დაფუძნებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება თავისი დღის წესრიგი და გზამკვლევი, რათა მან კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ქვეყნისა და მოსახლეობისთვის.

„გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. აშშ-სთან აქამდე გვქონდა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც სინამდვილეში არავითარი შინაარსი არ ჰქონდა. ჩვენ გვინდა, თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და დავიწყოთ საუბარი რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი თავისი კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენი წარმოდგენით, აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს დაახლოებით ისეთივე გზამკვლევი, როგორიც არის, მაგალითად, ასოცირების დღის წესრიგი. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა უნდა მოუტანოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს და როგორი უნდა იყოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ გვინდა არა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზე დავიწყოთ საუბრები ახალ ადმინისტრაციასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს დასრულდება წარმატებით და ჩვენ თვისებრივად გადავტვირთავთ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის. არაერთხელ გვისაუბრია, რომ განსხვავებულად ვხედავთ ამ პარტნიორობის გაგრძელებას. ჩვენ დღეს არ გვაქვს არც უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც პირდაპირი ფრენები. გვინდა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამაზე გვსურს აქტიურად საუბრების დაწყება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ასევე ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ღირებულებებზე - სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს, პირველ რიგში, ღირებულებებზე დაფუძნებული. გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაცია არ დაგვიყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც თვისებრივად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ღირებულებებს. ვფიქრობთ, რომ აქაც არის სერიოზული თანხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან და ესეც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს ", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და მთავრობა გააგრძელებს 4-წლიანი სამთავრობო პროგრამისა და წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში 4 წლის თავზე და უფრო ადრეც არავითარი კოჰაბიტაციისა და ლიბერალური ფაშიზმის ნიშანწყალი აღარ უნდა იყოს.

„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას, გვაქვს შესასრულებელი სამთავრობო, 4-წლიანი პროგრამა და ის დაპირებები, რომლებიც გავეცით წინასაარჩევნოდ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გვსურს, რომ 40 მლრდ-ით გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა, გვინდა, რომ 4%-მდე შევამციროთ უმუშევრობა, 4 %-მდე შევამციროთ სიღარიბე, შევქმნათ ახალი საუნივერსიტეტო სისტემა და ა.შ. ამ პროგრამის შესრულებასთან ერთად ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური დღის წესრიგი. არაერთხელ გვისაუბრია ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და 4 წლის თავზე,უფრო ადრეც, საქართველოში უნდა იყოს თავიდან ბოლომდე დასრულებული ლიბერალური ფაშიზმი; უნდა იყოს განეიტრალებული ის ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით 4 წლის თავზე, და უფრო ადრეც, მივიღოთ სრულიად განსხვავებული ვითარება; აღარ დარჩება კოჰაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი, რაც ძალიან მძიმედ აისახებოდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და თავიდან ბოლომდე გარედან იყო ეს ყველაფერი თავს მოხვეული; არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი,"- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეჰფერის ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.

„საქართველოში „მაიდნის" მცდელობა ჩავარდა, ახლა ერთადერთი რასაც ცდილობენ არის ის, რომ მცირე ზიანი მაინც მიაყენონ ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას, არ აცადონ ბოლომდე ახალი წლის ზეიმი. ასეთი მცდელობების შემდეგ ამ ადამიანებს კიდევ უკვირთ, თუ რატომ აგებენ ყოველ ჯერზე არჩევნებს. უკვე ცხრა არჩევნები აქვთ წაგებული. თუ ასე გააგრძელებენ, კიდევ უფრო მძიმედ წავა მათი საქმე. მე ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეჰფერის ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ხალხის ინტერესებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 18:10
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალის

გარდა ამისა, დღეს ევროპის საბჭოს დელეგაცია ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

2024-12-19 18:01
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიცი

როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა, შეიძლება ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა

2024-12-19 17:44
პოლიტიკა

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები