2024-12-22

05:21

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

პოლიტიკა
09-12-2024 11:22

პირველ რიგში, მინდა გავაკეთო განცხადება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად, ეს არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანი ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება დაწყებულია და დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამართავს ბრიფინგს, სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა. ასეთი ფაქტები ხელს აძლევს მხოლოდ რადიკალებს, რომელთა მთავარი მიზანი არის ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში.

მინდა, შეგახსენოთ, რომ იმავე ადგილზე, მთაწმინდაზე, ორიოდე დღის წინ, ნიღბიანმა მომიტინგეებმა მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ორ ახალგაზრდა კაცს და ცოტა რთულია ამ ვითარებაში რეაგირება, ნიღბებით დადის ყველა, ვისაც არ ეზარება და ადგილი აქვს ასეთი ტიპის ძალადობებს. გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან ბევრი ნიღბიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით უჭირს რეაგირება, ვეღარ ხდება გარჩევა, ვინ არის მომიტინგე, ვინ არ არის და ა.შ. ამასთან დაკავშირებით გუშინ ერთგვარი ანონსი გაკეთდა და მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების და კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს. ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც ძალადობის პრევენციისთვის ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ყველაფრის ისე ორგანიზებას, რომ კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება.

საზოგადოებას ჰქონდა ძალიან ჯანსაღი და სწორი რეაქცია ამ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ვიხელეთ და მინდა, საზოგადოების თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ამ ჯანსაღი რეაქციისთვის. აქვე მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა.

მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო დროს, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში სისტემატური სახე მიიღო ძალადობამ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მინდა შეგახსენოთ ძალადობა, რომელიც განხორციელდა „პოსტვ"-ის ჟურნალისტის, ქალბატონი სალომე გობრონიძის წინააღმდეგ, ახალგაზრდა, 20 წლის გოგოს პრაქტიკულად ალყა შემოარტყეს ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და მიაყენეს უმძიმესი შეურაცხყოფა. ეს ძალადობა თავის დროზე არა თუ არავის არ დაუგმია. პირიქით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებდნენ პოზიტიურ კონტექსტში ამ ვიდეოკადრებს და მახსოვს, დაახლოებით 3 000 „ლაიქი" დაუგროვდა შესაბამის ვიდეოს, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი რადიკალი ხელოვანის მიერ, რომელიც ხელოვნების სფეროში შეიძლება ნიჭიერია, მაგრამ არ ეყო კაცობა იმისათვის, რომ ქალზე ძალადობის ვიდეო პოზიტიურ კონტექსტში არ გაეზიარებინა. გამაოგნებელი ის არის, რომ 3 000-მა ადამიანმა მოიწონა ჟურნალისტზე ძალადობა გმირთა მოედანზე. ესენი არიან „ნაცები", რა თქმა უნდა.

მინდა, შეგახსენოთ მეგი ნარსავიძის შემთხვევა. მელიქიშვილის გამზირზე განხორციელდა ეს ძალადობა, ამ შემთხვევაშიც, მოძალადე ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე, დაახლოებით 100-200 ადამიანი. აქაც, პრაქტიკულად, ალყაში იყო მოქცეული „იმედის" ჟურნალისტი და მის მიმართ განხორციელდა უმძიმესი ძალადობა. მახსოვს, მე ვატარებდი ბრიფინგს, როდესაც აქვე, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ტელევიზიების ჟურნალისტებს ვთხოვეთ, დაეგმოთ მეგი ნარსავიძის წინააღმდეგ ძალადობა, არც ერთმა არ დაგმო. რა თქმა უნდა, ასეთი ორმაგი სტანდარტი სრულიად მიუღებელია. ასევე გახსოვთ „პოსტვ"-ის ჟურნალისტზე, ნათია ბერიძეზე და მის ოპერატორზე უხეში თავდასხმა. ამ თავდასხმის ავტორი იყო მეგის ქარდავას ყოფილი მარჯვენა ხელი, ერთ-ერთი „ნაციონალი" ზონდერი, რომელიც ახლა გვარამიას პარტიის წევრია. იყო ძალიან უხეში ფორმით გამოხატული თავდასხმა, როგორც ნათია ბერიძეზე, ასევე მის ოპერატორზე, თუმცა იქაც არავითარი დაგმობა არ გვახსოვს. შემდეგი - გივი კუჭავა, „იმედის" ჟურნალისტი, რომელზეც ორკებმა იძალადეს რამდენიმე დღის წინ და არავითარი რეაქცია არ ყოფილა ამაზე. ბესო გაფრინდაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, რომელსაც ერთ-ერთმა ნიღბიანმა ორკმა, დამიზნებით სახეში ესროლა ე.წ. პიროტექნიკა. გადარჩა ეს ოპერატორი იმით, რომ მას ხელში ეჭირა კამერა და დაუზიანდა მხოლოდ ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მიიღებდა ძალიან მძიმე დამწვრობას. არა თუ არავითარი რეაგირება, არა თუ დაგმობა, არავითარი გაშუქებაც კი არ გვიხილავს ძალადობის ამ ფაქტების წინააღმდეგ. ეს არის ფაქტები. უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში „ნაცები" და მათი ტელევიზიები, მათ NGO-ები ამ ფაქტებს აზიარებდნენ და იწონებდნენ. ვინც ეს წინა ძალადობები არ დაგმო, იმისგან გუშინდელი ძალადობის დაგმობას მაინცდამაინც დიდი ფასი არ აქვს. ვინც ძალადობას მხოლოდ ერთი მიმართულებით გმობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ თავად ახალისებს ძალადობას, რაც ყველამ უნდა გაიაზროს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გმირი პოლიციელების წინააღმდეგ მიმართული უხეში და სისტემური ძალადობის და მათი შეურაცხყოფის დაგმობა. მინდა, შეგახსენოთ, თუ ვინმე ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ ეს გმირი პოლიციელები არიან. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის. 10-ზე მეტ პოლიციელს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ეს არის მარტო ისეთი შემთხვევები, სადაც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. არის უამრავი დაზიანების ფაქტი პოლიციელების მხარეს, არავითარი დაგმობა არ განხორციელებულა ასეთი ძალადობის მიმართ. პოლიციელებს უწევთ, აიტანონ უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი მედიასაშუალებები მათ უწოდებენ „შავრაზმელებს", „რუსულ ომონს" და ა.შ. რაც უბრალოდ სამარცხვინოა. ესეც არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება.

რუსთაველზე პროტესტის მონაწილეების რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს და შესაბამისად, საერთო რაოდენობის კლებასთან ერთად, იკლებს ძალადობაც. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ პროტესტს მთლიანად გამოეცალა შინაარსი. ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ არავითარი ევროინტეგრაცია ხელისუფლებას არ შეუჩერებია და სინამდვილეში, რაც აწუხებთ ამ ადამიანებს, რუსთაველზე შეკრებილ 3000 თუ 4000 ადამიანს, არის ის, რომ მათ უკვე მეცხრედ წააგეს არჩევნები, თუმცა შესაბამისი მოთხოვნების დაყენებას ისინი ვერ ბედავენ, ვერ ბედავენ იმის მოთხოვნას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ეს ადამიანები ყოფილან სინამდვილეში კონკრეტული პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები, რისი აღიარებაც მათ არ სურთ. ყველას რცხვენია, ერქვას „ნაცი", კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი. ჩვენ ხმა მოგვცა 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ ამომრჩეველს ხმას ვერავითარი აგრესიული უმცირესობა ვერ წაართმევს.

იცით, რომ დღეს დილიდან რუსთაველზე დაიწყო საახალწლო ნაძვის ხის აწყობა. შოთა უტიაშვილმა, დღეს დააანონსა ნაძვის ხის დაწვა. მინდა, შეგახსენოთ, ვინ არის შოტა უტიაშვილი - ეს არის ერთ-ერთი ზონდერი ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის მეუღლე. თავის დროზე ის მუშაობდა ვანო მერაბიშვილთან შინაგან საქმეთა სამინისტროში და მისი იდეა იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება. მაშინ მერაბიშვილის და „ნაცმოძრაობის" ზონდერებმა ოთხი ადამიანი მოკლეს. სწორედ უტიაშვილის იდეა იყო ამ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ „ნაცმოძრაობა" ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერც ახალ წელს.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თითოეულ პოლიციელს იმისათვის, რომ ამ დღეების განმავლობაში და მათ შორის გუშინ, ისინი მოქმედებდნენ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და მომავალშიც ასეთი სტანდარტით გაგრძელდება მოქმედება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 18:10
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალის

გარდა ამისა, დღეს ევროპის საბჭოს დელეგაცია ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

2024-12-19 18:01
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიცი

როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა, შეიძლება ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა

2024-12-19 17:44
პოლიტიკა

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები