2024-12-22

05:24

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია

პოლიტიკა
04-12-2024 11:30

მინდა, შევაჯამო განვლილი 5 დღე, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის" 5-დღიანი ციკლი. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს, თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები. მას შემდეგ, გასული სამი დღის განმავლობაში, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები. ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოქმედებდნენ პოლიციელები. კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისთვის. ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპული და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც ძალიან დასაფასებელია. ჩვენ ვწუხვართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგისა და ჟურნალისტის გამო.

ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ. ამ დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი NGO-ების ლიდერებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ მათ შორის ამ ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა დაფინანსებული იყო მდიდარი NGO-ების მიერ. ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში. ოპოზიციის ლიდერები და მათი NGO-ების ლიდერები ოფისებში იყვნენ შემალული ამ დღეების განმავლობაში, თუმცა პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად. პოლიტიკოსებმა და NGO-ებმა ათობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის სასჯელისთვის გაწირეს. არიან ადამიანები, ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებსაც ემუქრებათ მათ შორის რამდენიმეწლიანი სისხლის სამართლის სასჯელი, ესეც არის შესაბამისი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკანების პასუხისმგებლობა. ამ დღეების განმავლობაში ამ ადამიანებმა იკადრეს აბსოლუტურად ყველაფერი უკადრებელი, მათ შორის გადაწვდნენ ბავშვებსაც კი. ამ კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართული როგორც რადიკალი პოლიტიკოსები, ასევე მათი მედიასაშუალებები, სალომე ზურაბიშვილი - რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. უბრალოდ ამორალურია ის, რასაც ჩვენ ვხედავდით ბავშვებთან მიმართებით მთელი ამ დღეების განმავლობაში.

ამ დღეების განმავლობაში, უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც კი ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, მათ გამოიყენეს ბოლომდე საჯარო სამსახურში არსებული რესურსი. ამ რესურსის გამოყენება მათ შეეძლოთ მაგალითად ამ გაზაფხულზეც, ან წინა გაზაფხულზე, ან 2022 წლის ივნისშიც, თუმცა ხედავდით, რომ გარკვეულ რესურსებს იტოვებდნენ და ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, საჯარო სამსახურში, მათ გამოიყენეს სწორედ ამ დღეებში. თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგათ საბოლოო ჯამში „ნაცმაიდნის" წარმატებისთვის. საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ წინა დღეების განმავლობაში საჯარო მოსამსახურეებს სამსახურიდან წამოსვლისკენ, ახლა პირიქით, მას შემდეგ, რაც ჩავარდა „ნაცმაიდანი", მოუწოდებენ საჯარო მოსამსახურეებს, რომ არ დატოვონ საჯარო სამსახურები. ქცევის ეს ცვლილება, თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება, ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსასმენად, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წუხან „ნაცმაიდნის" მცდელობის გამო და იმ ვითარების გამო, რომელიც შექმნეს რადიკალურმა პოლიტიკოსებმა ამ დღეების განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში.

ამ დღეების განმავლობაში, ამ ადამიანებმა გამოიყენეს ყველა მეთოდი, რაც კი მათთვის იყო დამახასიათებელი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 9 წლის მანძილზე - ეს იყო ადამიანის ღირსების ხელყოფა. ხედავდით, როგორ მოქმედებდნენ ეს ადამიანები ადამიანების ღირსების წინააღმდეგ, ეს იყო ფიზიკური ძალადობა, როგორც იყენებდნენ ამ მეთოდს ხელისუფლებაში ყოფნისას, ასევე მიმართავდნენ ამ მეთოდს ამ დღეები განმავლობაში უკვე ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის საჯარო სამსახურის პოლიტიზების მცდელობა. თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული იყო საჯარო სამსახური მათი ხელისუფლებაში ყოფნისას. ახლა უკვე ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან საჯარო სამსახურის პოლიტიზებას. ვნახეთ განათლების სისტემის პოლიტიზების მცდელობა, თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული იყო, როგორც სასკოლო ნაწილში, ისე უმაღლესი განათლების სფეროში სისტემა მათი ხელისუფლებაში ყოფნისას. დღეს ისინი ცდილობდნენ ოპოზიციის რიგებიდან განათლების სისტემის პოლიტიზებას. ვნახეთ ტელევიზიაში შეჭრა. ეს იყო მათი ერთ-ერთი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნისას. რამდენ ტელევიზიაში შეიჭრნენ, რამდენ ტელევიზიას დაეპატრონენ ისინი უკანონოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ახლა ისინი უკვე ტელევიზიაში შეჭრას ცდილობდნენ ოპოზიციის რიგებიდან. ვნახეთ ბიზნესზე ზეწოლა, გაუგონარი ლიბერალურ-ფაშისტური ზეწოლა ხორციელდებოდა ბიზნესმენებზე ამ დღეების განმავლობაში და ბოლოს ეს იყო ომის იმიტაცია. ძალიან დიდი აჟიოტაჟით ავრცელებდა „ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული მედია კადრებს, როდესაც კონკრეტული მომიტინგეები ტყვიამფრქვევივით ისროდნენ პიროტექნიკას პოლიციელების წინააღმდეგ და ამ ომის იმიტაციით აჟიტირებული იყო სრულიად „ნაცმოძრაობა", სრულიად „ნაცმედია". ეს აჩვენებს მათ სახეს. ისინი რომ დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში 26 ოქტომბრის არჩევნების საფუძველზე, ეს ყველაფერი მოხდებოდა უკვე სრულიად სხვა მასშტაბებით. ადამიანის ღირსების ხელყოფა, წამება, მკვლელობა, ეს იყო მათი ხელწერა. საჯარო სამსახური გახდებოდა სრულიად პოლიტიზებული, განათლების სისტემაც, ტელევიზიების მიტაცების ახალი ტალღა გვექნებოდა ქვეყანაში, ბიზნესის რეკეტი და ომის იმიტაციის მაგივრად ჩვენ გვექნებოდა ომი ქვეყანაში, თუმცა, მადლობა ღმერთს, გამოვიდა არჩევნებზე 1 120 000 ადამიანი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს არა ამ ყველაფერს, არამედ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.

ქართული საზოგადოებისთვის, ხალხისთვის ძალიან უსიამოვნო იყო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობის ყურება. 4 წელი გავიდა 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე და ამ 4 წლის განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციისა და „ნაცმაიდნის" ორგანიზების 4 მცდელობა ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ძალიან უსიამოვნო, გარკვეული კითხვები ისმოდა ხოლმე ჩვენს ნაბიჯებთან დაკავშირებით, მათ შორის ამ კონტექსტში. თუმცა, ამ 4 მცდელობის მაგივრად, რომ ყოფილიყო ერთი მცდელობა, მაგალითად ახლა, ამ მცდელობის რესურსი იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი. ახლა ჩანს, რომ ძალიან ბევრი რესურსი გაანიავეს დროდადრო ამ 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, რევოლუციის მცდელობის მეოთხე ტალღა იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვა შემთხვევაში. მაგალითად, ამ აქციებზე აღარ ჩანდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ტუჩსაცხს ისვამდა პოლიციელის წინაშე, ან ყვავილით მისული ახალგაზრდა გოგონები, ან ქორწილიდან გამოქცეული აქციაზე მისული წყვილი, ანუ გაცვდა ყველაფერი, რაც აკერმანის სახელმძღვანელოში ეწერა. რევოლუციის მოწყობის, „ნაცმაიდნის" მცდელობის მეოთხე ტალღა იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ეს შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვა შემთხვევაში.

შემდეგი თემა, რომელსაც მინდა შევეხო, არის ლიბერალური ფაშიზმი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე ტიპის იდეოლოგია, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ. იცით, რამდენი ახალგაზრდა დაღუპეს თავის დროზე ამ იდეოლოგიით, მათ შორის ცნობილი სახეები, როგორიც იყვნენ გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები. ნებისმიერი ასეთი რადიკალური იდეოლოგია არის ძალიან სარისკო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. აქედან გამომდინარე, მინდა, მოვუწოდო თითოეულ მშობელს, მაქსიმალურად მოარიდონ საკუთარი შვილები ლიბერალური ფაშიზმის ნებისმიერ კერას. ეს კერები დაკავებული არიან კონკრეტული საქმიანობით, ეს არის მაგალითად, ნარკოტიკების თავსმოხვევა ახალგაზრდებისთვის, არატრადიციული ინტიმური ურთიერთობების თავსმოხვევა და შემდეგ ამ ყველაფრის კომპრომატებად გამოყენება, ეს არის ყალბი ფასეულობების ჩანერგვა ადამიანებისთვის, საკუთარ ოჯახებთან დაპირისპირება და ა.შ. ამ ყველაფრის მსხვერპლი არის უამრავი ახალგაზრდა. საბედნიეროდ, ისინი არიან უმცირესობა ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენთვის თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით თითოეული ახალგაზრდა არის ძვირფასი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მშობელს, საკუთარი შვილები მაქსიმალურად მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას ჩვენს ქვეყანაში.
კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო - ეს არის „ქოლცენტრების" ჩართულობა „ნაცმაიდნის" ჩავარდნილ მცდელობაში. მინდა, გავიხსენო ერთ-ერთი ქალბატონის „ფეისბუქ" პოსტი, რომელიც მან მიუძღვნა გმირი პოლიციელების ცოლებს. მან მათ მიუძღვნა ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსი, რომელიც იწყება სიტყვებით - „ჯალათის ცოლო". ეს ტერმინოლოგია გამოიყენა გმირი პოლიციელების ცოლების მიმართ. ამ დროს მე გეტყვით, ვინ არის ეს ადამიანი - ეს ქალბატონი არის ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი „ქოლცენტრის" მფლობელის ცოლი. ეს ქალბატონი, რომელიც პოლიციელების ცოლებს უწოდებს ჯალათების ცოლებს, არის იმ ადამიანის ცოლი, რომელიც ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყნიდან. ანუ, ყოვლად ამორალური ქალბატონი, ყოვლად ამორალური მეუღლის ცოლი და ის კადრულობს ასეთ რამეს. ასევე, ის არის ერთ-ერთი ცნობილი კორუმპირებული ბიზნესმენის შვილი, რომელმაც 90-იან წლებში კორუფციით იშოვა ფული. ასეთი ამორალური ადამიანები დღეს კადრულობენ და ჯალათის ცოლებს უწოდებენ გმირი პოლიციელების ცოლებს. ყველაფერზე მეტყველებს თავისთავად ფაქტები. ასევე, ერთ-ერთი „ქოლცენტრის" მფლობელის ცოლი, ანუ ყაჩაღის ცოლი იჭრებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში და ასეთი არაერთი ფაქტი არსებობს. „ქოლცენტრების" ჩართულობა სხვადასხვა ფორმით იკვეთება ამ ჩავარდნილი „ნაცმაიდნის" მოვლენებში. ასევე, „ქოლცენტრებს" ამუშავებდნენ არატრადიციული მიზნით, ანუ არა პენსიონერების გასაძარცვად, ამ დღეების განმავლობაში, არამედ იმისთვის, რომ ზეწოლა განეხორციელებინათ საჯარო მოსამსახურეებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებსა და ბიზნესმენებზე. „ქოლცენტრები" და „ქოლცენტრების" თანამშრომლები პირდაპირ ჰყავდათ ჩართული ამ საქმეში. ერთი კარგი, რაც მოჰყვა ამ ყველაფერს, არაერთი ევროპელი პენსიონერი გადაურჩა გაძარცვას ამ დღეების განმავლობაში და შემოსავალიც მოაკლდათ „ქოლცენტრების" მფლობელებს, თუმცა, „ნაცმაიდანში" მათი ჩართულობა იყო ძალიან ინტენსიური და აქტიური და მადლობა ღმერთს, მათი ეს მცდელობა ჩავარდა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის გამოცდილებამ, რაციონალურმა აზროვნებამ და მოთმინებამ მოგვცა რევოლუციის მეოთხე მცდელობის ჩაგდების შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში.
ვწუხვართ, თუ ვინმემ ჩვენი გზავნილი არასწორად გაიგო, ევროინტეგრაცია, რა თქმა უნდა, გრძელდება, არავითარი შეფერხება არ იქნება ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა, ერთი რამ შევახსენო ევროპელ ბიუროკრატებს და პოლიტიკოსებს, მათ შორის იმათ, რომლებიც ხელოვნურად აფერხებენ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, დადონ მაგიდაზე მოლაპარაკების გახსნა და იმდღესვე, იმწამსვე ვაწერთ ხელს. საქმე შანტაჟის ნაცვლად და სამართლიანობა უსამართლობის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და მომავალშიც ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ საქმიანობას. ბუნებრივია, ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, მაგრამ მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ სამართლიანობით, მხოლოდ შანტაჟის გარეშე გავაგრძელებთ სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ერთად უნდა აღვუდგინოთ ევროკავშირს ქართული საზოგადოების თვალში შელახული რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, 20 იანვრის შემდეგ ამ კუთხით ძალიან სწრაფი პროგრესი გვექნება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 18:10
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალის

გარდა ამისა, დღეს ევროპის საბჭოს დელეგაცია ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

2024-12-19 18:01
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიცი

როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა, შეიძლება ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა

2024-12-19 17:44
პოლიტიკა

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები