რატი ამაღლობელმა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით განცხადება გააკეთა - მალე საზოგადოებიდან, სამოქალაქო სექტორიდან შეიკრიბება ბევრი ადამიანი და დასახავს ეროვნული დაუმორჩილებლობის მიზანს
ჩვენ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში ჩვენ ვალდებული ვართ, რომ გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ „ქართული“ ოცნების“ ოფისთან რატი ამაღლობელმა განაცხადა.
რატი ამაღლობელმა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით გააკეთა განცხადება.
„28 ნოემბრის, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოში უპრეცედენტო ღალატს, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მომავალ თაობებებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ვლადიმერ პუტინმა უმალვე მოიწონა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება. საქართველოს მოქალაქეები ამას არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გავიმარჯვოთ. მოვუწოდებთ ევროპის კავშირს, არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.
რატი ამაღლობელის თქმით, ეს არის დაუმორჩილებლობის ბრძოლა.
„დღეს დადგა მნიშვნელოვანი ფაზა თითოეული ადამიანისთვის, თავისუფალი ადამიანისთვის. ეს არის გამოცდა, ჩვენ ეს გამოცდა უნდა ჩავაბაროთ, უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა, საქართველოში ადამიანური ღირებულებები, საქართველოში ადამიანად ყოფნის შესაძლებლობა. თუ ჩვენ დავკარგავთ თავისუფლებას, დავკარგავთ დამოუკიდებლობას და მივენდობით პუტინს და მის დამქაშებს, აქ გაჭირდება უბრალოდ ადამიანად ყოფნა. სახელმწიფოზე აღარ არის საუბარი. ამიტომ ეს არის დაუმორჩილებლობის ბრძოლა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე, ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენი საზოგადოებიდან, სამოქალაქო სექტორიდან შეიკრიბება და დასახავს მიზანს ეროვნული დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის ფრონტისა“, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 239
მსგავსი სიახლეები
clickss