„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, არაპირდაპირი წესით გაიმართება. 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც მყარ უმრავლესობას, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩვენი პოლიტიკური პარტია - „ქართული ოცნება“ ფლობს. აქედან გამომდინარე, იმთავითვე ცხადია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დაიკავებს.
მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას.
მიხეილ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების მანძილზე, ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი, იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი. ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის „დინამოს“, ვლადიკავკაზის „ალანიას“, „მანჩესტერ სიტის“, წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს.
პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც, მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.
უკანასკნელი 8 წლის მანძილზე, მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი. განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში.
პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის, თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან, წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა.
ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016–2020 წლებში იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (თბილისის სანზონის მაჟორიტარი), 2020 წლიდან კი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი). 2022 წელს მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, დატოვა „ქართული ოცნება“ და გაერთიანდა პარტიაში „ხალხის ძალა“. 2024 წლის 20 მარტიდან ის პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანია.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 1988–1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი და სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სხვადასხვა წლებში თამაშობდა ისეთ საფეხბურთო კლუბებში, როგორიცაა: „მანჩესტერ-სიტი“, „გრასჰოფერი“, „ციურიხი“, „ლუცერნი“. მიღებული აქვს შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია და ასევე – უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია. 2009 წელს საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი გახდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები (109 წევრი) 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას თუ ვერ მოაგროვებს, გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება არჩევა. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.
ნანახია: 263
მსგავსი სიახლეები
clickss