2024-12-22

05:37

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა

პოლიტიკა
18-11-2024 15:34

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების საბოლოო ოქმის გამოქვეყნების შესახებ ისაუბრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნებში მმართველმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

„გუშინწინ შეჯამდა არჩევნების შედეგები და საბოლოოდ დადგინდა, რომ მმართველმა გუნდმა, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა დამაჯერებლად ამ არჩევნებში, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. ეს გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები, იყო ერთგვარი რეფერენდუმი, პირველ რიგში, ომსა და მშვიდობას შორის და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნებასა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.

არჩევანი გაკეთდა სწორედ ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ სათანადო პოზიცია დაიკავა ამ არჩევნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას. გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი. ჩვენ 890 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. 325 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მთელ რადიკალურ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც საბოლოო ჯამში დადგინდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ოქმით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს, ცესკოს მდივანს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, ცესკოს შესაბამის წევრებს.

„ძალიან დიდი იყო წნეხი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. იყო ძალიან მძიმე ინციდენტი, რაც ვიხილეთ გუშინწინ, თუმცა ცესკოს შემადგენლობამ სათანადოდ გაიარა ეს პროცესები და საბოლოო ჯამში უზრუნველყო არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ცესკოს და ცესკოს წევრებს ამისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

„რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდეს პროცესები. ჩვენ გვახსოვს წინა წლების განმავლობაში, როდესაც ძლიერდებოდა ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, სუსტდებოდა სახელმწიფოს პოზიციები, როდესაც დასუსტებული იყო რადიკალური ოპოზიცია, ამ დროს უფრო ძლიერი იყო ხოლმე ყოველთვის სახელმწიფო. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის დასუსტება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით. იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ალბათ შეგვეცოდებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს უსამშობლო ადამიანებთან, რომელთა დასუსტება არის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან მთავრობის მეთაურმა რადიკალური ოპოზიციის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაგზავნილ წერილს სერგო ორჯონიკიძის გზავნილი უწოდა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყოველდღიურად ავლენს საკუთარ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ვინაიდან ამას საზოგადოება ხედავს.

„დღეს ამ ოთხმა პარტიამ, სინამდვილეში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით - მათ მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ეს არის პირველი მოთხოვნა, რომელიც მათ დააყენეს, არც მეტი, არც ნაკლები; კომუნიკაციის შეწყვეტა ევროკავშირსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ხელისუფლებას შორის; 120 მლნ-იანი დაფინანსების შეჩერება და ასევე მოითხოვეს, რომ ეს თანხა მიემართოს აგენტურის გაძლიერებისკენ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის 3 მთავარი მოთხოვნა, რითაც მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს. თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს.

ისინი ყოველდღიურად ავლენენ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ამას ხედავს საზოგადოება. ვფიქრობ, რომ ის 785 000 ადამიანიც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ რადიკალურ ძალებს, თანდათანობით გადააფასებენ საკუთარ არჩევანს და საბოლოო ჯამში ისინი დაუბრუნდებიან იმ პოზიციას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებასთან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სხვა სამართალდამცავ უწყებებს იმისათვის, რომ მათ სათანადოდ მართეს ეს პროცესები დღემდე და, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება პროცესების მართვა მომდევნო დღეების განმავლობაშიც. საზოგადოება შეწუხებულია იმ აქტივობების გამო, რომლებსაც ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველაფრის ჯეროვნად მართვა და კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, რომელიც სათანადოდ წარმართავს ამ პროცესებს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სტაბილურობა ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გრძელდება მუშაობა ქვეყნის განვითარებისთვის, რაც არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა და ამოცანა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც განხილული იყო სამთავრობო პროგრამით განსახორციელებელი პროექტების დეტალები.

„განვიხილეთ კონკრეტული მეგაპროექტების დეტალები, რომლებიც არის დაანონსებული და უნდა განხორციელდეს შემდეგი წლების განმავლობაში. ასევე ვმუშაობთ ძალიან საინტერესო საინვესტიციო პროექტებზე. მთელ რიგ შემთხვევებში საქმე უკვე ბოლომდე არის მიყვანილი და ძალიან მალე ანონსიც გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად.

„მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე. როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად ჩვენ უნდა წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც, 4-წლიანი პროგრამაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული. ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და მინისტრის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში. 4 წლის თავზე ჩვენ განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისათვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

ცვლილების განხორციელების შედეგად, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე იფუნქციონირებს. კულტურის სამინისტროს თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის სამინისტროს - შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 18:10
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალის

გარდა ამისა, დღეს ევროპის საბჭოს დელეგაცია ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

2024-12-19 18:01
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიცი

როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა, შეიძლება ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა

2024-12-19 17:44
პოლიტიკა

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები