2024-12-22

15:17

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

პოლიტიკა
09-10-2024 15:49

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა ევროდეპუტატმა, 73 წინააღმდეგი იყო, 86-მა კი თავი შეიკავა.

ევროდეპუტატებმა საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი შესწორებებით დაამტკიცეს, კერძოდ, რეზოლუციის პროექტის მეექვსე პარაგრაფს, სადაც ეწერა: „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ აყვავებულ ქვეყანაში, თავისუფალი კორუფციისგან, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას; ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო სურვილით, აღიარებულიყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევები და დემოკრატიული ძალისხმევა, ასევე მოქალაქეთა შორის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ არსებული მოთხოვნა, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ხალხის 80%-ზე მეტი; აფასებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას, დააბრუნოს საქართველო დემოკრატიული და პროევროპული განვითარების გზაზე“, – დაემატა შემდეგი წინადადება: „მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ პარტიის ძალისხმევას, დაადუმოს საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის პრეცედურის საშუალებით დაუსაბუთებელი საფუძვლით“.

ასევე, რეზოლუციის პროექტის მეშვიდე პარაგრაფს, სადაც ეწერა: „გმობს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიის „საპატიო თავმჯდომარე“ გახდა, მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციის კიდევ ერთხელ ხელყოფის მცდელობაში რუსეთისკენ შებრუნების სასარგებლოდ; კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს, დააწესონ დაუყოვნებლივი და მიზნობრივი პირადი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, – დაემატა შემდეგი წინადადება: „ისევე როგორც სხვა ქმედებებს, რომელსაც სარგებელი მოაქვს რუსეთისთვის“.

ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი 8 ოქტომბერს წარადგინეს, რომლითაც ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, „დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ და ეფექტურად აღასრულოს ზომები ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად, როგორც მან ამის ვალდებულება აიღო“. ასევე, ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროპის საბჭოს „განიხილოს პირადი სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე მისი როლისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაში“. ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, „დააწესონ სანქციები იმ ქართველ ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაში ან ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის პროცესში“.

ამასთან, ევროპარლამენტის დეპუტატებმა რეზოლუციით მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების საშუალება“. ასევე, ევროდეპუტატებმა მოუწოდეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, „დაუყოვნებლივ გაიწვიოს კანონმდებლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ“. ასევე, როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, ევროდეპუტატები ელოდებიან, რომ „ქართული ოცნება“ პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფალ არჩევანს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას“.

მსგავსი სიახლეები

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 18:10
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალის

გარდა ამისა, დღეს ევროპის საბჭოს დელეგაცია ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

2024-12-19 18:01
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიცი

როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა, შეიძლება ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა

2024-12-19 17:44
პოლიტიკა

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები