მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ - აცხადებს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ: „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ „ელენე ხოშტარია – დროა“ და „ახალი ერთობა – გვარამია, მელია“ დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ", აღნიშნა რ. კუპრაშვილმა.
მისივე თქმით, ამავდროულად, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები, შესაძლოა, ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
აღნიშნული სქემით, უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის.
უცხოური დონორი ორგანიზაციებისა ან სხვა წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, მართავენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით, ამზადებენ პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო ბროშურებს, ვიდეორგოლებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებს საზოგადოებას კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისკენ.
საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან, აგრეთვე, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აპრილს, ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ და ლევან ცუცქირიძემ დააფუძნეს ორგანიზაცია „თავისუფლების მოედანი – საქართველო“, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტებში იკვეთება პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული მიზანი. ასევე, 2024 წლის 1-ელ ივლის ლევან ცუცქირიძის და ა(ა)იპ „თავისუფლების მოედანი – საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება, სადაც ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა და წევრებმა განაცხადეს საარჩევნო მიზნები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ თანამშრომლები, ისე მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრები.
მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ აღნიშნულ სუბიექტებს თავად აქვთ საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ არეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი მათი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, ამ ორგანიზაციების თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძესა და მოძრაობის 24 წევრს დაევალოთ ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, ანტიკორუფციულ ბიუროს, კანონით დადგენილი წესით, წარმოუდგინონ ფინანსური ანგარიშები, რის საჯაროობასაც უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო.
ნანახია: 458
მსგავსი სიახლეები
clickss