ქეთევან თურაზაშვილ: სესიაზე ჩანიშნულია რეზოლუციების განხილვა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის - საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების კონტექსტში
სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სასესიო კვირის განმავლობაში, სესიაზე ჩანიშნულია არაერთი დებატი და რეზოლუციების განხილვა, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის - საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების კონტექსტში. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო ასამბლეაში ჩანიშნულია არაერთი დებატი და რეზოლუციების განხილვა და მათ შორის აგრეთვე, განსახილველ საკითხებშია, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევა.
„ივნისის სასესიო კვირა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ 25 ივნისს საპარლამენტო ასამბლეა აირჩევს გენერალურ მდივანს, და ამ საკითხთან დაკავშირებით, იმართება აქტიური შეხვედრები, ამ პოზიციაზე წამოყენებულ კანდიდატებთან“, - აღნიშნა ქ. თურაზაშვილმა.
გარდა ამისა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ასევე განაცხადა, რომ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე აქტუალურია ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, და ამ თემასთან დაკავშირებით, შეხვედრები გაიმართება, როგორც წევრი, ისე დამკვირვებელი სახელმწიფოების წარმომდგენლებთან.
„ძალიან საგულისხმოა ისიც, რომ ივნისის სესიამდე, საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდეს, რისთვისაც შექმნილია დროებითი კომიტეტი“, - დასძინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა.
როგორც ცნობილია, 24 ივნისს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა.
სესიაში სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას ღებულობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი.
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ამჟამად მიმდინარეობს დებატები თემაზე ადამიანის უფლებები, დემოკრატიის გაძლიერება თავისი ჩართულობითა და წარმომადგენლობითი პროცესებით.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია თავის მუშაობას 28 ივნისს დაასრულებს.
ნანახია: 421
მსგავსი სიახლეები
clickss