საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ეროვნული მიმართვა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე
ქალბატონებო და ბატონებო,
პირველ რიგში, მადლობას მოვახსენებ გერმანიას ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის მასპინძლობისთვის.
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ გამოწვევებით სავსე დროს და ჩვენი ერთგულება მისი სწრაფი აღდგენისადმი. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული საუკუნოვანი მეგობრობა და მტკიცე კავშირები ჩვენს ხალხთა შორის.
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მართალია, ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, არსებითი დახმარება გავუწიოთ უკრაინას რეკონსტრუქციის პროცესში, მაგრამ ჩვენი რესურსები შეიძლება განსხვავდებოდეს, რამაც უნდა გვიბიძგოს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერის გაწევისკენ.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ომის პირველი დღიდან საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას მტკიცე პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯების მეშვეობით როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე, ასევე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზების გზით.
ჯამში საქართველო გახდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებული თუ წამოყენებული 600-ზე მეტი რეზოლუციის, განცხადების, ერთობლივი განცხადების და სხვა ინიციატივის ინიციატორი, ხელმომწერი თუ მხარდამჭერი.
მართალია, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ საქართველომ არ შემოიღო ეროვნული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთებს. საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მჭიდრო კოორდინირებას ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-სთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც აკონტროლებენ სანქციების გატარებას.
ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ გამოყო მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის და მხარს უჭერს საქართველოში ამჟამად მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს. დღეის მონაცემებით, უკრაინაში გაიგზავნა 1 000-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარება 35 მილიონ ლარს აღემატება. საქართველო დღესაც უწევს დახმარებას ომით დაზარალებულ 26 000-მდე უკრაინელს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში.
2022 წლის შემდეგ უკრაინელებს, რომლებიც მიმდინარე ომის გამო შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მიეწოდებათ იმავე ოდენობის ფინანსური დახმარება, რაც დევნილებს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან: აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების სისტემამ მიიღო 2,300-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომელთა უმრავლესობა ეუფლება საშუალო განათლებას უკრაინულ ენაზე, სტანდარტული უკრაინული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.
გარდა ამისა, ვაცნობიერებთ რა, რომ ბავშვები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს ომის გამანადგურებელი შედეგების პირობებში, ზაფხულში ჩვენი ახალგაზრდული ბანაკები უმასპინძლებენ უკრაინელ ბავშვებს. კერძოდ, ხსენებულ ბანაკებში მონაწილეობას მიიღებენ ხარკოვსა და კიევში მცხოვრები უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილები. ეს ბავშვები უფლებამოსილი მეურვეების თანხლებით დაისვენებენ ჩვენს რეგიონებში, უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში.
ძვირფასო კოლეგებო,
ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრული კავშირები, არამედ ასევე საზიარო მისწრაფებები ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში.
მანამდე კი ჩვენ ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გავაგრძელებთ მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად.
გმადლობთ!
ნანახია: 426
მსგავსი სიახლეები
clickss