2024-12-24

20:03

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებები მთავრობის სხდომაზე

პოლიტიკა
03-06-2024 15:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ისაუბრა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 11,8 პროცენტი შეადგინა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტი იყო.

„ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. თავდაპირველად პროგნოზირებული იყო 4,8 პროცენტი წლიური ეკონომიკური ზრდა. ამ მაჩვენებელს ბევრად აღემატება 4-თვიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მონაცემები და დარწმუნებული ვართ, წლის ბოლომდე, 2024 წლის მომდევნო თვეების განმავლობაშიც შევინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს სამუშაო ადგილებს; უმუშევრობის, სიღარიბის შემცირებას; ქვეყნის წინსვლას ყველა მიმართულებით და აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ახალი ინიციატივებით კიდევ უფრო დავეხმაროთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენ ქვეყანაში და ამ ზრდას ახალი იმპულსები მივცეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სიღარიბის განახლებულ მონაცემებს, რომლის თანახმად, 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელმა შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 3,8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

„აქაც გვაქვს ძალიან სერიოზული წინსვლა. 2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 15,6 პროცენტი. ეს ნიშნავს, რომ შარშან 140 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე. 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30 პროცენტი, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 435 ათასი ჩვენი თანამოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი და ამ პირობებში სიღარიბეს მიმდინარე წელსაც ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე დაძლევს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა - სიღარიბის განულება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს თანმიმდევრული წინსვლა ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი წარმატებით განხორციელება ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება და დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადების შემდეგ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი იქნება 51%, ხოლო კონსორციუმის - 49%. პარალელურად, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. პირველი ფაზის საორიენტაციო საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ აშშ დოლარი და ამ ფაზის დასრულების შემდეგ პორტი 600 000 კონტეინერს მიიღებს. ეს არის 7.8 მლნ ტონა ტვირთის გატარების რესურსი. ანაკლიის პორტის პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუა დერეფნის, საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აკავშირებდა ერთმანეთს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს; ამ პორტის მშენებლობით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ახალ, განსაკუთრებულ რესურსს შეიძენს", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ჩინეთთან ამოქმედებულ უვიზო რეჟიმზე და აღნიშნა, რომ 30 მაისიდან ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაორმაგდა.

„ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, ბუნებრივია და პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, დღეს მთავრობამ განიხილა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც 2000-მდე მოქალაქეს კოვიდ-პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი.

„რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა. ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა იქნება 5 მლნ 600 ათასი ლარი", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ქართველ ძიუდოისტებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა მიულოცა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აბუ-დაბიში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც ძალიან დიდი წარმატებაა.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. გიორგი სარდალაშვილს და ტატო გრიგალაშვილს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონობას, ასევე გურამ თუშიშვილს - ვიცეჩემპიონობას და ვაჟა მარგველაშვილს - ბრინჯაოს მედალს, პრიზიორობას მსოფლიო ჩემპიონატზე. აგრეთვე ძიუდოისტთა ნაკრებს ვულოცავ ბრინჯაოს პრიზიორობას შერეულ გუნდურ ასპარეზობაში", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ საფეხბურთო ნაკრების წევრს, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიულოცა.

„ასევე მინდა, მივულოცო ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრს, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, ავსტრიის ჩემპიონობა არის ძალიან დიდი წარმატება, ვულოცავ ოთარს ამ ძალიან მნიშვნელოვან აღიარებას. ეს ორი კვირაც იყო იმის თვალსაჩინო დასტური, რომ ჩვენი სპორტი არის აღმავლობის გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ჩვენმა სპორტსმენებმა ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი წარმატება და გამარჯვება აჩუქონ," - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს და აღნიშნა, რომ კანონის მიღებით ქვეყნის სუვერენიტეტმა და უსაფრთხოებამ გაიმარჯვა.

„გამჭვირვალობის კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების გამარჯვება, როგორც ასეთი და არ უნდა განვიხილოთ, არც კანონის ოპონენტების მარცხად, მით უმეტეს, არ შეიძლება, კანონის მიღება განვიხილოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად, ხშირად ცდილობენ ხოლმე, ასე წარმოაჩინონ ეს ყველაფერი. გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და მისმა უსაფრთხოებამ, შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, გასული ორი თვის განმავლობაში კანონის შესახებ უამრავი დეზინფორმაცია გავრცელდა.

„იყო ჭარბი ემოციები, რასაც ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური საფუძველი, თუმცა ახლა უკვე კანონი ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებებით ცდილობენ, გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება. ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმსა და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით, უკვე წლებია, ხელოვნურად ინერგება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან. მინდა, ყველას მოვუწოდო, გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს, პირველ რიგში, მისი მიმდევრების პიროვნულ განვითარებას უქმნის", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-12-24 12:58
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისთვის აქტუალურ ყველა კითხვას უპასუხა. მთავრობის

2024-12-24 12:46
პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების განმეორებით ჩატარების შესახებ მთავრობას დიალოგისკენ მოუწო

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დედაქალაქ თბილისში მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა

2024-12-23 12:14
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ,,ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი საქართველოშ

მშვიდობის ცეცხლი" ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს, გადაეცემა. დღეიდან

2024-12-23 12:02
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში სამდღიანი ვიზიტი 20 დეკემბერს გამართული პრესკონფერე

საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა. ქვეყანა ხასიათდება პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო

2024-12-23 11:36
პოლიტიკა

თეოდოროს რუსოპულოსი - მინდა, შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია

მინდა, შევახსენო პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, რომ მისიქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია. პირდაპირი მუქარა, რომელიც





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები