2024-12-25

05:42

VIDEO: საქართველო პრეზიდენტი: წარმოგიდგენთ სამოქმედო გეგმას - „ქართულ ქარტიას“

პოლიტიკა
27-05-2024 11:56

გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას! გაუმარჯოს და ეს დღე მუდამ იყოს საზეიმო დღე! იმსითვის, რომ ეს მუდამ იყოს საზეიმო დღე, ჩვენ საქმე გვაქვს წინ!

დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა და ევროპული გზა ერთმანეთისგან განუყოფელია და ერთადაა დასაცავი. ეს ყველაზე კარგად თქვენ, ამ ქვეყნის მოსახლეობამ გაიგეთ და ამისთვის გამოხვედით გარეთ - მოსახლეობამ და ახალგაზრდებმა, მაგრამ არა მხოლოდ ახალგაზრდებმა, ყველანი იყავით გარეთ და აჩვენეთ მსოფლიოს, რომ მზად ხართ დაიცვათ ეს დამოუკიდებლობა და დაიცვათ ჩვენი ევროპული გზა.

მსოფლიოს გააგებინეთ, რომ საქართველოს ხალხისთვის ევროპული მომავალი უალტერნატივოა. საქართველოს კი დაანახეთ, რომ ჰყავს ძლიერი, პრინციპული, თავისუფალი, გონიერი და ეროვნული საზოგადოება, რითიც უკვე დაამარცხეთ ნიჰილიზმი და უიმედობა.

თქვენ ახლა ყველა კონკრეტულ გეგმას ელოდებით და ახლა მე მევალება (თუ ვთვლირომ მევალე) და ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს პირველ რიგში, ჩვენს თავთან და ამავდროულადევროპაში.

 ეს გზა - არჩევნების გზაა. ეს უკვე ვთქვი ამ დილით. 26 ოქტომბერს არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად, მშვიდობი და სტაბილურობით! უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე და ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა.

შეიძლება დღეს ბევრი ვერ ხედავდეს გამარჯვების ფორმულას, ვერ ხედავდეს რომელ ძალას უნდა მიანდო ეს მოლოდინები. ვიცი, რომ ბევრს წინასაარჩევნო დაპირებების არ თუ აღარ სჯერა, დიდწილად, პოლიტიკოსების ნდობა დაკარგულია, (ეს არავის ბრალია), სწორედ იმიტომრომ გვაქვს ის წარსული, რაც გვაქვს. მიუხედავად ამისა, იმის დრო არაა, რომ მივეცეთ სწორედ ნიჰილიზმს, ქიშპობას და ცალკეულ პოლიტიკურ ამბიციებს.

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე თქვენ წინაშე და ამ დღეს წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია“, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებასთანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.

 შევადგინე და წარმოგიდგენთ ამ სამოქმედო გეგმას - „ქართულ ქარტიას“!

ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზადაა, მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა.

ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ამისათვის საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა!

სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით რას ნიშნავს - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე! ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის - ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება - ეს უკვე მე არ მეხება.

სხვანაირი არჩევნები - დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ წარმოაჩინოს თავისი სახე, პროგრამა, მეობა.

ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას, სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? და როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ,,ქართულ ქარტიას“ და ე.ი. ევროპულ მომავალს!

სხვანაირი პარლამენტი - ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები, ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკებს და მათ შორის, ისრაც აფრხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს.

სხვანაირი მთავრობა - ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით.

ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, შედეგიანი და უაღრესად ევროპული. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს   დემოკრატიული არჩევნებით, რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან. განსხვავებული აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანზე და არა სხვაგან და რაიმე სხვა ფორმით. ეს გეგმა ჩვენი მშვიდობიანი გამოსავლია და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დავიცვა გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების ეს გზა. ამავე დროს, ეს გეგმა მიგვიყვანს იმ სიკეეთეებამდე, რასაც დღეს ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, ამერიკა გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ვუბრუნდებით ჩვენს კონსტიტუციით გაცხადებულ და გარანტირებულ საგარეო კურსს.

ახლა უნდა გთხოვოთ ცოტა მოთმინება, რათა წაგიკითხოთ ქარტიის ტექსტი, რომ ყველამ იცოდეს, რა პირობები და ვალდებულებები არის აქ ნაკისრი:

ქართული ქარტია

,,ქართულ ქარტიაში" ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.

ეს ნაბიჯებია:

1.       ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება

დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ“ კანონი, ანუ რუსულ კანონი, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, ე.წ. მოსმენების და ოფშორების  კანონები და სხვა.

ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები და მიღებული იქნება ამინისტია.

2.       მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა

სასამართლოს გათავისუფლება

  • გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის  შემოწმების გზით;
  • ეს შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა  მისი რეპუტაცია;
  • შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;
  • შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;
  • სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები;
  • მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
  • გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  ძირეული რეფორმა შეეხება:

-          ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - კერძოდ:

  • დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია;
  • ჩამოერთმევა ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება;
  • იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი გახდება;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო მხოლოდ შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, ხოლო სიას სრულყოფილად წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ.

საბჭოს წევრებს აეკრძალებათ:

  • სსხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება;
  • ორჯერ არჩევის შესაძლებლობა.

საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.

 

3.       რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება:

პროკურატურას

  • გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით
  • საპროკურორო საბჭო გაძლიერდება

სუსი/შსს

ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.  

ანტიკორუფციულ სააგენტოს

გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში, აღვჭურვილი იქნება კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით რაც დღეს არ გააჩნია

სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.

 ეროვნულ ბანკს

დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით.

გამოირიცხება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.

გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს.

 მარეგულირებელ ორგანოებს

გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით.

 

4.       საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო  პირობები:

დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და   ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.

ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა

ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

ამ გეგმას ვთავაზობ პოლიტიკურ პარტიებს (ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვთ პრეტენზია და ამბიცია, რომ იყვნენ პროევროპული, პროდასავლური პარტიები), 1 ივნისამდე გადაწყვიტონ იღებენ თუ არა ამ ძალიან რთულ  პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ამ ნაბიჯების გადადგმასა და შესრულებაზე.

შემდეგ უკვე ძალიან მოდის საარჩევნო კამპანიის დრო, სადაც თქვენს წინაშე წარდგებიან ამ ქოლგის ქვეშ, რომელიც გააერთიანებს პროევროპელ პარტიებს (ცალ-ცალაკე თუ ერთად, თუ როგორც მათი ნება იქნება).

მე კი ამ გეგმას და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა. 

ეს არ არის მარტივი. ეს გეგმა თქვენს ხელშია. მაგრამ მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება მზად არის იმისთის, რომ  გადავდგათ ახალი ნაბიჯი და აჩქარებული ტემპით შევიდეთ ევროპაში.

გაუმარჯოს საქართველოს!

მსგავსი სიახლეები

2024-12-24 12:58
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისთვის აქტუალურ ყველა კითხვას უპასუხა. მთავრობის

2024-12-24 12:46
პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების განმეორებით ჩატარების შესახებ მთავრობას დიალოგისკენ მოუწო

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დედაქალაქ თბილისში მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა

2024-12-23 12:14
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ,,ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი საქართველოშ

მშვიდობის ცეცხლი" ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს, გადაეცემა. დღეიდან

2024-12-23 12:02
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში სამდღიანი ვიზიტი 20 დეკემბერს გამართული პრესკონფერე

საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა. ქვეყანა ხასიათდება პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო

2024-12-23 11:36
პოლიტიკა

თეოდოროს რუსოპულოსი - მინდა, შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია

მინდა, შევახსენო პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, რომ მისიქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია. პირდაპირი მუქარა, რომელიც





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები