ოზურგეთსა და ამბროლაურში მცხოვრები ახალგაზრდები მდინარეების დაბინძურების წინააღმდეგ პროექტში ჩაერთნენ
„შენი ყოველი დაუფიქრებელი ნაბიჯი დინებას ბოლოს მაინც შენთან მოაქვს“, „ნარჩენები სანაგვე ყუთებისთვისაა და არა მდინარეებისთვის“ – ამ მოწოდებების მქონე ბანერები ოზურგეთისა და ამბროლაურის მცხოვრებლებმა მდინარეებთან განათავსეს.
ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ეს გამაფრთხილებელი ბანერები, შესაბამისი QR კოდებით, ევროკავშირისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით შექმნეს. QR კოდებს მოკლე ვიდეოებზე გადაჰყავხართ, რომლებიც თითოეული მდინარის დაბინძურების ხარისხის შესახებ გიყვებათ.
საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები შვიდი თვის განმავლობაში იკვლევდნენ მდინარეების დაბინძურებისა და ნარჩენების მართვის პრობლემებს. კლიმატის ცვლილების საკითხებზე შედგენილი თემატური ტრენინგები ორმოცმა ახალგაზრდამ გაიარა. მათ თავიანთი მუნიციპალიტეტების მდინარეთა მდგომარეობა შეისწავლეს და დაგეგმეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლებიც საინფორმაციო შეხვედრებს, სლოგანების შექმნასა და საინფორმაციო ვიდეორგოლების დამზადებას მოიცავდა.
„ჩვენი მიზანი იყო, დაგვეფიქსირებინა, რომელი ადგილი იყო ტურისტულად მომხიბლავი და სად შეიძლებოდა, ადამიანებს გაეტარებინათ კარგი დრო, იდგა თუ არა მდინარეებთან ნაგვის ურნები და რამდენად დაბინძურებული იყო მათი მიმდებარე ტერიტორია“, – გვიყვება პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, თექვსმეტი წლის ნინი მეგრელიძე.
„ამბროლაურში ორი დიდი მდინარეა – კრიხულა და რიცეულა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდინარეები მეტ-ნაკლებად სუფთად ითვლება, სანაპიროებზე არის კონკრეტული ადგილები, სადაც ხშირად ტოვებენ ნაგავს და ზოგჯერ მდინარეშიც ხვდება ეს ნარჩენები“, – განაცხადა პროექტის კიდევ ერთმა მონაწილემ, 29 წლის სალომე აბუთიძემ ამბროლაურიდან.
დამატებითი ინფორმაცია
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოსტი Facebook-ზე
ნანახია: 426
მსგავსი სიახლეები
clickss