საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრებისა და რეისების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იყო და ჯამურად ყველა აეროპორტი 7 425 399 მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა – 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა (2023 წელი – 5 986 754 მგზავრი, 25,607 რეისი).
„2024 წელი ქართული ავიაციისთვის და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ისტორიული წელი იყო. ჩვენ შევძელით და 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რაც წინა წელთან შედარებით 24%-იან ზრდას წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და 2024 წელს წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ათ ავიაკომპანიასთან 13 ახალი მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს ველოდებით კიდევ უფრო მეტ მგზავრთნაკადს და კიდევ უფრო მეტ მიმართულებას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2024 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 4 750 830 მგზავრი დაფიქსირდა, რაც ასევე, რეკორდული მაჩვენებელია, და შესრულდა 22 715 რეისი. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი – 29%-ით, რეისები კი 30%-ით გაიზარდა (2023 წელი – 3 693 942 მგზავრი, 17 456 – რეისი).
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 2024 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი – 3%-ით, რეისების რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა (2023 წელი – 1 671 306 მგზავრი, 5 041 რეისი).
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა გასულ წელს ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951 760 მგზავრსა და 4 144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი – 53%-ით, რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა (2023 წელი – 621 506 მგზავრი, 3 110 -რეისი).
2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – British Airways-ი შემოდის. ასევე, მარტიდან იწყებს ფრენებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს. 9 აპრილიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, 12 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით Edelweiss-ი იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და ახალი ავიამიმართულებების დაწყების მიზნით“, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
ნანახია: 871
მსგავსი სიახლეები

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმარ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის მშენებლობას დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკის ცნობით, პროექტი გააუმჯობესებს სამართლებრივ და რეგულირების ჩარჩოებს, რომლებიც

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ოპერირება დაიწყო ფრანგულმა ავიაკომპანი
პარიზიდან (Orly) თბილისში ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.

გურთიადის ორგანიზებით გაიმართა სემინარი, რომელიც ეხებოდა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკურ ურ
მარიამ გაბუნია; სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი, დავით ტავლალაშვილი

შეიგრძენით სისწრაფე, სიზუსტე და სიმძლავრე - ARCFOX ის დაპირება!
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც მსოფლიოში ლიდერი მწარმოებელი კომპანიების ყველაზე პოპულარული
clickss