„ბეკო“ საქართველოს გენერალური დირექტორი: „დაწყებული გვაქვს კომუნიკაცია, რთულია საუბარი, გააძვირებს თუ არა ეს პროდუქციას” - ბიზნესი ახალ რეგულაციებზე
საუბარია, ეტიკეტირების წესზე, რომელიც სარეცხის მანქანების, მაცივრების, ნათურების, წყლის გამაცხელებლების, სავენტილაციო ერთეულის (იგივე გამწოვი), მყარი საწვავის ბოილერის (ცენტრალური გათბობის ქვაბი), დამატებით გამათბობლის და სხვა მოწყობილობების რეალიზაციას შეეხება.
დადგენილების მიხედვით, ენერგოეტიკეტირება, ასევე პროდუქციის შესახებ ყველა დეტალის ცხრილი მყიდველისთვის თვალსაჩინო ადგილას, გასაგებ, ამასთან, ქართულ ან ინგლისურ ენებზე უნდა იყოს განთავსებული.
როგორც მეჰმედ მელექი აცხადებს, ამ ეტაპზე რთულია საუბარი, ეს რა გავლენას იქონიებს პროდუქციის ფასზე, რადგან ტექნიკური გადაწყობა ახლა მიმდინარეობს.
„მომწოდებლებთან დაწყებული გვაქვს კომუნიკაცია და ამ ეტაპზე მიდის დაგეგმარება, თუ რა სახის პროცესები იქნება გასავლელი აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ჯერჯერობით, რთულია იმაზე საუბარი, გააძვირებს, თუ არა ეს პროდუქციას, ვინაიდან მიდის ტექნიკური გადაწყობა და მიმდინარე პროცესია. შესაბამისად, ჯერჯერობით მსგავსი პროგნოზი არ გვაქვს, როგორც აღვნიშნე, მიმდინარე პროცესია და ასევე მნიშვნელოვანია როგორ განვითარდება ქვეყანაში ეკონომიკური მდგენელები.
რაც შეეხება ზოგადად გაყიდვებს, ბოლო 3 წელია ტენდენცია შეიცვალა, ადრე თუ მომხმარებელი ელოდებოდა საახალწლო შეთავაზებებს, ახლა ეს ტრენდი ჩანაცვლებულია „შავი პარასკევით“, შესაბამისად, მომხმარებლის ქცევა ამ კუთხით შეიცვალა. ნოემბრის დასაწყისიდან უკვე ყველა ელოდება „შავ პარასკევს“ და ნაწილობრივ თავს იკავებენ ყიდვისგან, იმის და მიუხედავად, რომ ჩვენ თვის დასაწყისიდანვე ძალიან კარგი კამპანიები დავაანონსეთ, მაინც მომხმარებელი „შავ პარასკევს“ ელოდება და ბუნებრივია, ეს მოქმედებს გაყიდვების მაჩვენებელზე. თუმცა, მივყვებით გეგმას და ვფიქრობთ, რომ როგორც ყოველთვის, წელსაც ეს ბოლო 2 თვე გაყიდვების კუთხით წარმატებული იქნება“,- ამბობს მეჰმედ მელექი.
კითხვაზე, როგორია ახლა ბიზნესის მოლოდინები და ზოგადად, როგორ მოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბიზნეს გარემოზე, „ბეკო საქართველოს“ გენერალური დირექტორი ამბობს - „ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა, სხვა შემთხვევაში, რთული ხდება ოპერირება. ამ ეტაპზე თვალს ვადევნებთ მოვლენებს და ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს“.
წყარო: https://www.bpn.ge/article/132205-dacqebuli-gvakvs-komunikacia-rtulia-saubari-gaazvirebs-tu-ara-es-produkcias-biznesi-axal-regulaciebze
ნანახია: 321
მსგავსი სიახლეები
clickss