მაჭახლის ხეობა - მწვანე ენერგიის ზონა
გაეროს განვითარების პროგრამისა და იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით მაჭახლის ხეობის 1,200 მოსახლე განახლებადი ენერგიით ისარგებლებს!
ბათუმი. 27 მარტი 2024 – გაეროს განვითარების პროგრამისა და იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით, მაჭახლის ხეობაში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები ინერგება. გასული წლის განმავლობაში, მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში 75 მზის პანელი და 200 მზის წყლის გამაცხელებელი დამონტაჟდა, რაც შეშის საყოფაცხოვრებო მოხმარებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. პროექტის შედეგებით ხეობის 1,200 მაცხოვრებელი ისარგებლებს.
წინასწარი გათვლებით, მაჭახლის ხეობაში მზის ენერგიის გამოყენება წელიწადში 900 კუბურ მეტრ შეშას დაზოგავს, რაც დაახლოებით 300 ხის შენარჩუნებასა და 7 ტონა ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირებას უტოლდება.
26 მარტს, მაჭახლის ხეობას ანა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ეწვია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან, და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად, იგი სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდა და მზის ენერგიის გამოყენებაზე გაესაუბრა.
„მაჭახლის ხეობა, კოლხური ტყეებითა და ულამაზესი ხედებით, საქართველოს უნიკალური ბუნებრივი საგანძურია. ამავდროულად, ეს ფაქიზი ეკოსისტემაა, რომელიც გაფრთხილებასა და დაცვას საჭიროებს. UNDP-სა და იაპონიის მხარდაჭერა მიზნად ისახავს მაჭახლის ხეობის ბუნებრივი სიმდიდრის დაცვას, ხოლო ადგილობრივ სოფლებში მდგრადი ენერგო ტექნოლოგიების დანერგვას“, - განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.
მაჭახლის ხეობის მხარდაჭერა გაეროს განვითარების პროგრამისა და იაპონიის ერთობლივი ინიციატივის ნაწილია, რომელიც ტყის დაცვასა და განახლებადი ენერგიის ხელშეწყობას ემსახურება. 545,000 აშშ დოლარის ღირებულების 12-თვიანი პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ამ პროექტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა და იაპონია ხელს უწყობენ საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას ტყის რესურსების მდგრად მართვაში და ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე.
გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტს წვლილი შეაქვს საქართველოს მიერ პარიზის ხელშეკრულების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებაში: 2030 წლისთვის, ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმის გაზრდა 10 პროცენტით 2015 წელთან შედარებით და სათბურის აირების ემისიების შემცირება 30-35 პროცენტით 1990 წელთან შედარებით.
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს ტყის დაცვის მხარდაჭერა ხორციელდება UNDP-ის გლობალური ინიციატივის, Climate Promise, ფარგლებში, რომელიც 120 ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს და კლიმატური დაპირების პრაქტიკულ შესრულებას ემსახურება. საქართველო იმ 23 ქვეყნის რიცხვშია, სადაც Climate Promise იაპონიის დაფინანსებით ხორციელდება.
ნანახია: 623
მსგავსი სიახლეები
clickss