EBRD და ევროკავშირი საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის განახლებას უჭერენ მხარს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის — ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის სუვერენული სესხის სახით 28 მილიონ ევროს გაიღებს.
ელექტროსადგურის მმართველი კომპანიის, „ენგურჰესისთვის“ გამოყოფილ ამ თანხას ევროკავშირისგან 7.05 მილიონი ევროს ოდენობის გრანტიც დაემატება.
ფინანსური პაკეტი მოხმარდება ენგურის კაშხლის სტრუქტურული მდგრადობისთვის გაწეულ გრძელვადიან სამუშაოებს, რაც მიწისქვეშა გვირაბისა და მილსადენის შეკეთებას მოიცავს. გარდა ამისა, შემცირდება წყლის გაჟონვა სათავე გვირაბში და იწარმოება დამატებითი განახლებადი ენერგია.
თანხა ასევე მოხმარდება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, როგორიცაა გზები კაშხლის მონიტორინგისთვის. ენგურის კაშხლის ქვედა დინების მიმართულებით კი თევზსავალი შეიქმნება.
1970-იან წლებში აშენებული ენერგეტიკული კომპლექსი, რომელიც ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს მოიცავს, ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 30 პროცენტს აკმაყოფილებს. ეს მას ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანეს ობიექტად აქცევს.
EBRD ენგურჰესის რეაბილიტაციაში 1998 წლიდანაა ჩართული. მისი დახმარებით მცირდება საქართველოს დამოკიდებულება ელექტროენერგიის იმპორტზე, უმჯობესდება ენერგოუსაფრთხოება და ხელი ეწყობა ელექტროენერგიის მწვანე და მდგრად გამომუშავებას.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 673
მსგავსი სიახლეები
clickss