ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, სამეგრელოში ორი განახლებული ამბულატორია გაიხსნა
სამეგრელოს რეგიონის ორ სოფელში, ორსანტიასა და რიყეში, სრულად განახლებული ამბულატორიები გაიხსნა, რომელთა მომსახურებით 5,500-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი, მათ შორის 900-მდე ბავშვი ისარგებლებს. სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიმდინარე პროექტის, EU4Dialogue-ის ფარგლებში განხორციელდა.
რეაბილიტაციის პროექტი მოიცავდა ამბულატორიების ინფრასტრუქტურის, მათ შორის სანტექნიკის, ელექტრო და გათბობის სისტემებისა და შიდა ინტერიერის განახლებას. ამბულატორიების ფიზიკური სივრცე ხელმისაწვდომი გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ახალი ავეჯითა და პირველადი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა.
18 იანვარს, ორსანტიასა და რიყეს ამბულატორიებს ეწვივნენ დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში; აგატა ნიებოი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების გუნდის ხელმძღვანელი; და ზვიად ზვიადაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, მაიზერ ნანავასთან ერთად, სტუმრებმა განახლებული ამბულატორიები დაათვალიერეს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მოწყვლადი და დაუცველი მოსახლეობისთვის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ სოციალური დაცულობა იწვევს საზოგადოების მდგრადობისა და თანასწორობის გაზრდას და ხელს უწყობს მშვიდობიან და მდგრად განვითარებას."აგატა ნიებოი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების გუნდის ხელმძღვანელი
„განახლებული ამბულატორიების მომსახურეობით სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში 12,000 ადამიანი, მათ შორის, 1,900-მდე ბავშვი სარგებლობს. გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება იმისთვის, რომ სრულად ისარგებლოს ძირითადი სოციალური სერვისების, მათ შორის ჯანდაცვის სერვისების მიღების უფლებით. გაეროს განვითარების პროგრამა სიამაყით თანამშრომლობს ევროკავშირთან, რათა ამ ადამიანების ცხოვრებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.“დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
2023 წელს, ორსანტიასა და რიყეს ამბულატორიების განახლების მსგავსი პროექტი შიდა ქართლის რეგიონის სოფელ მეჯვრისხევშიც განხორციელდება. მეჯვრისხევის ამბულატორიით 6,000-ზე მეტი მაცხოვრებელი სარგებლობს.
ყველა ეს ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდას ემსახურება.
ნანახია: 866
მსგავსი სიახლეები
clickss