საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
სპორტი
20-11-2024 17:08
ქალაქ რიეკაში საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდა. ქართველებმა ხორვატი თანატოლები ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ.
შეხვედრაში პირველი გოლი დიონ ბელიომ მე-11 წუთზე გაიტანა, ანგარიში 28-ე წუთზე ლუკა გაგნიძის გოლით გათანაბრდა. შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, პენალტი ბელიომ ზუსტად შეასრულა და დუბლი გაიფორმა. „ჯვაროსნებმა“ ანგარიში 78-ე წუთზე კვლავ გაათანაბრეს ნოდარ ლომინაძის გოლით. მასპინძლები 92-ე წუთზე დააწინაურდნენ. მატჩის ძირითადი დრო ხორვატების გამარჯვებით ანგარიშით 3:2 დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლა პენალტების სერიით გადაწყდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 7:6 იმარჯვა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს გიორგი კვერნაძემ, გიორგი აბულაშვილმა, ნოდარ ლომინაძემ, გიზი მამაგეიშვილმა, ლუკა ლაცაბიძემ, ნიკოლოზ უგრეხელიძემ და საბა ხვადაგიანმა.
პლეი-ოფის პირველ მატჩში „ჯვაროსნებმა“ ხორვატებს ანგარიშით 1:0 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს ითამაშა. „ევრო 2023“-ს საქართველომ რუმინეთთან ერთად უმასპინძლა. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულეს და მეოთხედფინალში გასვლა შეძლეს.
ინფორმაციისთვის: 2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს.
სპორტის სამინისტრო ულოცავს საქართველოს ახალგაზრდულ საფეხბურთო ნაკრებს ამ დიდი წარმატებას!
ნანახია: 308
მსგავსი სიახლეები
clickss